TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. დემონსტრაციებზე გამორჩეულად ქალები აქტიურობენ. მასობრივი ფორმა მიიღო თავსაბურავის გარეშე სიარულმა, თავსაბურავის დაწვამ და გლოვის ნიშნად თმის საჯაროდ შეჭრამ.
შეგახსენებთ, რომ მაჰსა ამინი ირანის ე.წ. ზნეობისა და მორალის პოლიციის წევრებმა დააკავეს და პოლიციაში წაიყვანეს, სადაც ის მალევე კომაში ჩავარდა და სამ დღეში გარდაიცვალა.
თითქმის სამი თვეა მთავრობა სასტიკად უსწორდება დემონსტრანტებს. დაშავებული და დაკავებულია ასობით ადამიანი. ირანის ბევრ ქალაქში გამართული დემონსტრაციების მონაწილეებს არ აქვთ პოლიტიკური თუ სხვა მოთხოვნა. ძირითადი ლოზუნგია: „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ და „სიკვდილი დიქტატორს.“