კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი.
„ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად გადაუვადეს სესხები, რომელთა ნაწილი სესხების მომსახურებას სწორედ წელს გაზაფხულზე დაიწყო, გადავადებული ბიზნესსესხების გადახდის გრაფიკი კი, ზოგ შემთხვევაში შემოდგომამდეა გადავადებული. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, აღნიშნული სესხების დარეზევება უკვე მოხდა 2020 წლის მარტში. იმედია, რომ წელს მხოლოდ „ამორეზერვება“ მოხდება და არა დამატებითი რეზერვის შექმნა „გაფუჭებული სესხებისთვის“.
ეს კონკრეტული შედეგი კი იმიტომ მივიღეთ, რომ საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“ რაც ძირითადად კორპორატიულ სესხებს შეეხო, სადაც მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობა არის და დიდი ამორეზერვება ეხება. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შემცირება. რაც უფრო დიდია ბანკის პორტფელი, ის უფრო დივერსიფიცირებულია და შესაბამისად იმიტომ მოხდა რომ ორი დიდი ბანკის შემთხვევაში ამორეზერვებამ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია“, - განმარტავს ძნელაძე.
სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი Top 5 კომერციული ბანკის შემთხვევაში ასე გამოიყურება:
თიბისი ბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემებით, „თიბისი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რადიკალურად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის I კვარტალში ეს მონაცემი (-5,528,941) ლარი იყო, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდში 472,658,494 ლარი.
საქართველოს ბანკი
ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, „საქართველოს ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში ეს მონაცემი (-13,855,064) ლარი იყო, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდში 453,009,387 ლარი.
ლიბერთი ბანკი
ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემებით, „ლიბერთი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 4,4-ჯერ შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში ეს მონაცემი 6,516,155 ლარი იყო, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდში 28,823,600 ლარი.
ვითიბი ბანკი ჯორჯია
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 23-ჯერ შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში ეს მონაცემი 1,780,373 ლარი, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდში 41,004,321 ლარი იყო.
ბაზისბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, სს „ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში ეს მონაცემი -564,811 ლარი იყო, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდში კი 29,717,881 ლარი შეადგინა.