კომერციული ბანკებისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს, თუმცა მათთვის არასაპროცენტო შემოსავლებიც მნიშვნელოვანია. თიბისი ბანკმა საკომისიოს სახით 2021 წლის 9 თვეში 155 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, საქართველოს ბანკმა - 136 მლნ ლარი.
სხვა არასაპროცენტო შემოსავლებიდან თიბისიმ მხოლოდ ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 55 466 666 ლარი მოიგო, საქართველოს ბანკმა - 86 064 850 ლარი. ქონების გაყიდვიდან თიბისიმ 54 332 726 ლარი, საქართველოს ბანკმა 20 771 858 ლარი მიიღო. ამ ყველაფერს დამატებული სხვა საბანკო ოპერაციებიდან მიღებული არასაპროცენტო შემოსავლები ჯამში თიბისისთვის 465 312 357 ლარიან შემოსავალს იძლევა, ხოლო საქართველოს ბანკის მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 329 675 112 ლარია.
2021 წლის 3 კვარტალში არასაპროცენტო ხარჯებიდან თიბისისთვის ყველაზე დიდი პერსონალის ხარჯი (ხელფასები) აღმოჩნდა, რაზეც 167 838 665 ლარი გამოიყო. მსგავსმა ხარჯმა საქართველოს ბანკისთვის უფრო მეტი - 181 833 792 ლარი შეადგინა. ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯებმა თიბისისთვის 43 947 969 ლარი, საქართველოს ბანკისთვის - 57 107 292 ლარი შეადგინა. მთლიანმა არასაპროცენტო ხარჯებმა თიბისი ბანკისთვის 321 811 525 ლარი, ხოლო საქართველოს ბანკისთვის 352 138 524 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ სამ კვარტალში ყველაზე მეტი - 735.6 მილიონი ლარის მოგება “თიბისი ბანკმა” გამოიმუშავა, რომელსაც 658.2 მილიონი ლარის მოგებით “საქართველოს ბანკი” მოსდევს.
ნინო თამაზაშვილი