“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.
ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.”
ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის მონაწილეობით ჩაღრმავებული კვლევა ჩაატარა.
“პანდემიის პირობებში ჩვენი თანამშრომლების 95% დისტანციურად სამუშაოდ გადაყვანა ოპერატიულად შევძელით. მნიშვნელოვანია, რომ საქმიანობის ეფექტიანობა არ შემცირებულა. დიჯიტალიზაციის ჩვენმა სტრატეგიამ შედეგი ნამდვილად მოგვიტანა, ძალიან დაგვეხმარა ეჯაილტრასნსფორმაცია. რაც შეეხება ცალსახა პასუხი კითხვაზე როგორ ურჩევნიათ ჩვენს თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელება სახლიდან თუ ოფისში, მენეჯმენტს ვერ გვექნებოდა, ამიტომ კითხვა თანამშრომლებს დავუსვით. ჩაღრმავებული გამოკითხვის ანალიზს ვაკეთებთ, შედეგები დაახლოებით 2 კვირაში გვექნება, სწორედ ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოვამზადებთ მოკლევადიან და გრძელვადიან ხედვას,” – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
თიბისი სივრცითი საბანკო არხების მეტად გააქტიურებაზე მუშაობს, ფინანსური მომსახურების 94% უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი, ფილიალებში მხოლოდ ტრანზაქციების 6% სრულდება.
COVID-ის პირობებში ბანკმა 44%-მდე გაზარდა მობაილ ბანკის პენეტრაცია.
პანდემიის პირობებში სესხების საშეღავათო პროგრამით ფიზიკური პირების 78%-მა, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა, კორპორაციულ ბიზნესში 32%-მა ისარგებლა.
ბანკმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან $154 მლნ უკვე მოიზიდა, $450 მლნ-ის მოზიდვა კი წლის ბოლომდეა დაგეგმილი.თიბისიმ კორპორაციულ სექტორში 560 მლნ-ის პროექტები დააფინანსა, ციფრულ ტრანსფორმაციაში კი 450 მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიას დაეხმარა.
„ბიზნესპარტნიორი“