საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსეთს შეუძლია ევროპაში გაზის კრიზისის დაძლევისთვის მეტი გააკეთოს.
ასეთი კომენტარები აძლიერებენ აზრს, რომ კრემლი ევროპაში გაზის მიწოდებას სპეციალურად ამცირებს პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტების შეძენის და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სწრაფად ამუშავების მიზნით.
ენერგეტიკული სააგენტო აცხადებს, რომ „ევროპის გაზის ბაზარი შესაძლოა ზამთარში მორიგი გამოცდის წინაშე აღმოჩნდეს სიცივისა და არაგეგმური გათიშვების გამო, განსაკუთრებით, ზამთრის ბოლოს“. სააგენტო იმასაც აღიარებს, რომ რუსეთი ევროპასთან დადებულ კონტრაქტების პირნათლად არულებს, თუმცა, ამავე დროს, რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს იყო.
შესაბამისად, რუსეთს მეტის გაკეთება შეეძლო ევროპაში გათბობის სეზონის მომზადების და გაზსაცავების შევსებისთვის. ეს ასევე რუსეთის, როგორც სანდო მიმწოდებლის რეპუტაციას განამტკიცებდა.
სააგენტოს დირექტორი ფატიხ ბიროლი ასევე უარყოფს ბრალდებებს, თითქოს ამჟამინდელი კრიზისის მიზეზი ალტერნატიული ენერგეტიკაზე აქცენტის გადატანა და ტრადიციულ დარგებში ინვესტირების შემცირებაა.
„გაზის ფასის ზრდა მთელს მსოფლიოში რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია და არასწორია ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკაზე გადასვლას დაბრალდეს“ - მიიჩნევს ბიროლი.
სააგენტოს დასკვნით, გაზის უპრეცედენტო გაძვირების მთავარი მიზეზია ეკონომიკის პოსტპანდემიური ზრდა, მოთხოვნის მოსალოდნელზე ძლიერი ზრდა და ასევე მოსალოდნელზე დაბალი მიწოდება. ეს ასევე დაკავშირებულია ევროპაში წინა სეზონზე ძალიან ცივ ზამთართან და ქარის ენერგიის დეფიციტთან.
ევროპა შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებს, თუმცა, უშედეგოდ.
მაგალითად, ბრიტანულმა ენერგოკომპანიამ Centrica-მ მთავრობას ადგილობრივი გაზის მოპოვების გაზრდა და ქსელში უფრო დაბალი ხარისხის აირის ჩატუმბვა შესთავაზა. კომპანიის დირექტორმა სემ ლეიდლოუმ ბრიტანეთის მრეწველობის მინისტრს კვაზი კვარტენეგუს მიწერა წერილი, რომელშიც მას ნაკლებად კალორიული, მაგრამ ადგილობრივი, ბრიტანული გაზის გამოყენება შესთავაზა.
ამ დროისთვის გაჩერებული საბადო „სიგნუსის“ ამუშავების შემთხვევაში, მხოლოდ იქ მოპოვებული გაზის ხარჯზე შესაძლებელი იქნება 244 000 სახლის გათბობა - ასეთი საბადო კი ბრიტანეთში კიდევ რამდენიმეა და მათი გახსნა კრიზისს სწრაფად შეარბილებდა. თუმცა, მთავრობამ ეს წინადადება უარყო - მინისტრის აზრით, ბრიტანეთს საკმარისი ენერგეტიკული სიმძლავრეები გააჩნია და გაზის მიწოდების შეფერხებები მოსალოდნელი არ არის.
thetimes.co.uk