ტერმინი „ტექნოლოგიური გიგანტები“ ხშირად გამოიყენება რამდენიმე მსხვილი ციფრული კომპანიის მიმართ, რომელიც დღეს 21-ე საუკუნის ეკონომიკაში დომინირებს. ერთად ისინი ამერიკის საფონდო ბირჟის მეხუთედს წარმოადგენენ.
თუმცა, ამ ტერმინის უკან ძალიან ბევრი რამ იმალება. ამ სექტორებში ბიზნესი უკიდურესად მონოპოლიზებულია, და ამიტომაც ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ გიგანტები მომხმარებლებს ტოქსიკურ პროდუქტებს სთავაზობენ. მაგრამ ვითარება ბოლო წლებში იცვლება. ამას სახელმწიფოების მკაცრი მიდგომა და ტექნოლოგიური კომპანიების გაფართოება განაპირობებს.
ტექნოლოგიური გიგანტები დღეს ისეთ სფეროებში შევიდნენ, სადაც მათ ძველ და ტრადიციულ მოთამაშეებთან კონკურენცია უწევთ. მაგალითად, Amazon ქსელური ვაჭრობის ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამს და მას ისეთ ვეტერანებთან შერკინება უწევს, როგორც Walmart და Shopify.
ძალიან ძლიერი კონკურენციაა სტრიმინგ-ვიდეო სერვისებში, სადაც პირველობისთვის რამდენიმე ათეული კომპანია იბრძვის.
ტექნოლოგიური გიგანტების მონოპოლიზმის წინაამღდეგ ბრძოლაში სახელმწიფოებს დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მრავალწლიანი ომი Microsoft-თან კარგა ხანია მთავრობის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, დღეს ეს საკითხი გაცილებით აქტუალურია.
კორონავირუსის პანდემიამ ყველას დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში მაღალი ტექნოლოგიები. ეკონომიკის ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქციები დღეს ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. დისტანციური მუშაობა, ონლაინ-კომერცია, ვიდეო-კონფერენციები, ათასნაირი სასარგებლო დამატებები, სულ რაღაც 15 წლის წინ ეს შესაძლებლობები საერთოდ არ არსებობდა. წარმოიდგინეთ კორონავირუსის პანდემია 15- 20 წლის წინ - და მიხვდებით განსხვავებას, რომელიც სწორედ ტექნოლოგიების დამსახურებაა.
მაღალი ტექნოლოგიების წყალობით, ათეულობით მილიონ ადამიანს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა მიეცა. ამ აქტიურობის მასშტაბები უზარმაზარია, ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავლების 10% სწორედ დისტანციურ და ონლაინ-სერვისების ტექნოლოგიებზე მოდის. ამ დარგში ბოლო წლებში 40 მლრდ. დოლარი ჩაიდო და პანდემია ინვესტირების მასშტაბების ზრდას აშკარად ხელს შეუწყობს.
დისტანციური და ონლაინ-სერვისები ძალიან მომგებიანია ბიზნესისთვის. ისინი კაპიტალურ დანახარჯებს ამცირებენ და შრომის ანაზღაურების უფრო ელასტიური სისტემის დანერგვის შესაძლებლობას აძლევენ.
მაგალითად, ბევრი კომპანია საშტატო თანამშრომლების ნაწილზე უარს ამბობს, და უპირატესობას დისტანციაზე მომუშავე შტატგარეშე ფრილანსერებზე აკეთებს. ეს ხომ გაცილებით უფრო მარტივი, და, რაც მთავარია, უფრო იაფია. ამ ტექნოლოგიების ზრდამ კონკურენციასაც ხელი შეუწყო, ჩინეთი და ევროპა ამერიკულ კომპანიებზე დამოკიდებულების შემცირებას და საკუთარი კომპანიების წახალისებას ცდილობენ.
დისტანციური და ონლაინ-ტექნოლოგიების სფეროთ ისეთი გიგანტები, როგორც Google, Microsoft, და Oracle დაინტერესდნენ. ყველა შემთხვევაში რეგულატორებს სიფხიზლის შენარჩუნება მართებთ, იმისთვის, რომ ბაზრის მსხვილი მოთამაშეები მონომოლისტებად არ ჩამოყალიბდნენ, და სხვა კომპანიებს ბაზარზე წვდომა უკანონო გზებით არ ჩაუკეტონ. თუმცა, დღევანდელი ბუმი ცხადყოფს, რომ ბაზარზე მეტი ახალი ვარიანტი ჩნდება, ფასებიც განსხვავებულია.
economist.com
თენგიზ აბლოთია