ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla 2021 წლის მეოთხე კვარტალში 308 ათასი ელექტრომობილი გაყიდა, რითაც წინა კვარტლის რეკორდულ ნიშნულს - 241,3 ათასს - გადააჭარბა.
სულ კი 2021 წელს Tesla-მ 936 ათასი ელექტრომობილი გაყიდა, რითაც თითქმის ორჯერ გაზარდა 2020 წლის მაჩვენებელი, როცა შეძლო 500 ათასი ავტომობილის რეალიზება. ბრენდის მოდელებს შორის გაყიდვების ლიდერია სედანი Model 3 და ქროსოვერი Model Y, რომლებზეც მოდის გაყიდვების 911,209 ეგზემპლარი.
როგორც The Wall Street Journal წერს, კომპანიამ მიუხედავად გლობალური მიკროჩიპების დეფიციტისა, მაინც შეძლო მნიშვნელოვანი ზრდა დაეფიქსირებინა, მაშინ როცა მსოფლიოს წამყვან საავტომობილო კომპანიებს სერიოზული კლება აქვთ, სწორედ ამ მიზეზით.
ამასთან, კომპანიის აქციები გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 31 დეკემბრის მდგომარეობით მისმა კაპიტალიზაციამ 1,06 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
bpn.ge