დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ყოფილ პრემიერს, ტონი ბლერს პასუხობს. ტერეზა მეის განცხადებით, Brexit-ის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარება ბრიტანელებს რწმენას შეურყევს. მის კომენტარს BBC ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ ტონი ბლერი გამოვიდა ინიციატივით, რომ Brexit-ის შესახებ ახალი რეფენდუმი ჩატარდეს. დღესვე ბრიტანულ მედიაში დაიწერა, რომ ბრიტანელი პარლამენტარები ტერეზა მეისგან მალულად ახალ რეფერენდუმს გეგმავენ.
როგორც მეიმ ამის პასუხად განაცხადა, კიდევ ერთი რეფერენდუმი მათ სახელმწიფო პოლიტიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, "იმიტომ რომ მილიონობით ადამიანი, რომელსაც ჩვენი დემოკრატიის სჯერა, იტყვის, რომ ჩვენი დემოკრატია არ შედგა", - განაცხადა ტერეზა მეიმ.
10 დეკემბერს ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში Brexit-ზე დაგეგმილი კენჭისყრა გადადო.
ტერეზა მეიმ თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ ბრიუსელთან შეთანხებულ პროექტს დეპუტატები მხარს არ უჭერენ.
კენჭისყრა 11 დეკემბერს იყო დაგეგმილი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთს Brexit-ის შეჩერების უფლება მიეცა. დადგენილება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო.
გადაწყვეტილება ქვეყანას ანიჭებს უფლებამოსილებას, ევროკავშირის თანხმობის გარეშე გაიხმოს გაერთიანების დასატოვებლად გაკეთებული ოფიციალური განაცხადი.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.
imedinews.ge