ბოლო ერთი კვირაა ვაქცინაციის სერიოზული პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
„ამჟამად მოსახლეობის აქტივობა ნორმალურია, დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროა უფრო მეტი აქტივობა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 68 ათასი ადამიანი. „ესაა მოზრდილი მოსახლეობის 2,5%, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში დამაკმაყოფილებელია. ჩვენ რომ გავიდეთ სამიზნეზე, რაც ვაქცინაციის გეგმაშია დასახული, იმისთვის რომ მოხდეს მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია, რაც ვაქცინაციის აუცილებელი პირობაა, დღეში 6-7 ადამიანი უნდა აიცრას. გუშინ აიცრა 4 800“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, არ იზიარებს ჯანდაცვის რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებას, რომ საქართველოში ვაქცინაციის გეგმა ვერ განხორციელდება და დარჩება ქაღალდზე. „ ეს ასე არაა და ამას ბოლო დღეების ვაქცინაციის მაჩვენებელიც ადასტურებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.
imedinews.ge