საჭიროების შემთხვევაში პენსიაზე გასული ექიმების გამოძახება კარგი პრაქტიკა არ არის, რადგან ისინი ასაკის გამო, მაღალი რისკის ჯგუფია და მათ თუ ვირუსი დაემართათ, დიდი ალბათობაა, რომ დაიღუპონ, ამიტომ ჩვენ ამ პრაქტიკას არ მივმართავთ, - ამის შესახებ შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ცხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ გვყავს 150 ლიცენზირებული ინფექციონისტი. ეს რაოდენობა რაღაც დონის გავრცელების შემთხვევაში საკმარისი იქნება. თუ ამაზე მეტი შემთხვევა იქნა, არ არის აუცილებელი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მკურნალი ექიმი ინფექციონისტი იყოს. ინფექციონისტმა მძიმე შემთხვევას უნდა უმკურნალოს. მსუბუქი შემთხვევის მკურნალობა კი ოჯახის ექიმსაც თავისუფლად შეუძლია. დასავლეთში, სადაც ვირუსის ფართე გავრცელებაა, მსუბუქ შემთხვევებს საავადმყოფოში არცკი აწვენენ. ჩვენთან თუ ასეულობით და ათასეულობით ვირუსის შემთხვევა გვექნება, მაშინ მსუბუქი შემთხვევები შესაძლებელია ბინაზე იქნეს ნამკურნალები. თუ დამატებითი ექიმები დაგვჭირდება, ჩვენ ოჯახის ექიმებსა და უფროსი კურსის მოხალისე სტუდენტებს დავიხმართ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
imedinews.ge