"ჩვენ რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა ვიყოთ, გვექნებოდა სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ 5-6," - ასე ფიქრობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძეა. მისივე პროგნოზით, სიკვდილიანობის შემცირება ერთ-ორ კვირაში დაიწყება. მისი მტკიცებით, მძიმე შემთხვევების, რეანიმაციაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა და სიკვდილიანობა პირდაპირ დამოკიდებულია ვაქცინაციის ტემპზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა და არ არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, ეს არის ძალიან ცოტა. ჩვენ დღეში გვჭირდება 40 000 -50 000 აცრა. ვაქცინაციასთან დაკავშირებით კამპანია იყო საკმარისი. უცხოეთშიც არ არის რაიმე ამაზე მეტი განსაკუთრებული კამპანია ვაქცინაციაზე. სამწუხაროდ, ჩნდება და მიმდინარეობს ანტიკამპანია, მათ შორის ზოგიერთი ცნობილი ექიმისგან და როგორც ჩანს, ეს მოქმედებს. ეს არის იმის მიზეზი, რომ ვაქცინაციის დონე 30 000-მდე გაიზარდა და შემდეგ აღარ გაიზარდა, პირიქით უკუსვლა გვაქვს, მაგალითად, გუშინ 19 000 იყო. ჩემი პროგნოზია, რომ სიკვდილიანობა შემცირდება, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა გადააჭარბებს 50%-ს",- განაცხადა ცერცვაძემ.