მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათზე კარგად დღეს შესაძლოა არც ერთი ქვეყნის მოსახლეობა არ იყოს დაცული, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„საერთოდ, მთავრობის სახე კრიზისულ სიტუაციაში ჩნდება ხოლმე. კრიზისებს შორის პერიოდში უფრო რთული შესამჩნევია, ვინ მუშაობს ეფექტურად და კარგად, და ვინ - ნაკლებად კარგად. რა თქმა უნდა, მოსახლეობამ უნდა შეასრულოს ყველა მითითება - დაიცვან სოციალური დისტანცირება, დარჩნენ სახლში, ხშირად დაიბანონ ხელები, მაგრამ მოსახლეობამ მინდა იცოდეს, რომ მათზე კარგად დღეს შესაძლოა არც ერთი ქვეყნის მოსახლეობა არ იყოს დაცული. იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც მაინც გახდება ავად, რაც გარდაუვალია, უკვე ექიმები იღებენ იმაზე პასუხისმგებლობას, რომ ადამიანების სიცოცხლეზე იზრუნებენ. მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რომ ადამიანები ავად არ გახდნენ, ხოლო თუ ეს მაინც მოხდა, დაავადებულთა სიცოცხლეზე ექიმები ვზრუნავთ. სამივე გარდაცვლილი ჩვენთან იყო 79 წელს გადაცილებული - 79, 81 და 86 წლის. 79 წლამდე ასაკის გარდაცვლილი ჩვენ არ გვყავს, მაშინ როდესაც აშშ-ში გარდაცვლილების 20% ახალგაზრდაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 45 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge