პრეპარატს, რომლითაც საქართველოში ინფექციონისტები პაციენტებს კორონავირუსისგან მკურნალობენ, მალე ამერიკაც მოიხმარს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ გასცა. ამავე წამალს იყენებენ საფრანგეთში, რაც ე.წ მარსელის გაიდლაინში არის აღნიშნული.
„გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის რეკომენდაციები, რომლებშიც ფრანგები „პლაქვენილს“ ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად ასახელებენ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ის ოფიციალურ რეკომენდაციას და ექსპერტების რჩევის საფუძველზე როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ პრეპარატის გამოყენება ლეგიტიმური გახდეს. ამის გამო სამსახურში მცირე ზეიმიც კი გვქონდა, იმიტომ რომ, იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge