თენგიზ ცერცვაძე ექიმს ზურაბ გურულს მიმართავს

თენგიზ ცერცვაძე ექიმს ზურაბ გურულს მიმართავს

access_time2021-04-03 21:45:24

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ექიმს ზურაბ გურულს მიმართავს და აცხადებს, რომ რემდესივირი საქართველოში ძალიან კარგად მუშაობს და უკვე ბევრი კოვიდ ავადმყოფი გადაარჩინეს დამძიმებას. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მე ადრე არაერთგზის ვწერდი, რომ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და რიგი მწვავე თემატიური დაპირისპირებების მიუხედავად, დიდად ვაფასებ ბ-ნ ზურაბ გურულს, როგორც გამორჩეულად ნიჭიერ და მრავალმხრივ პიროვნებას. მე ისევ ვრჩები იგივე აზრზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას დაუსაბუთებელი კრიტიკისა და შეურაცხყოფის უფლებას მივცემთ.
ა.წ. 1 მარტს „TV პირველის“ გადაცემა „პირველ ხაზში“ ჩართვისას ბ-ნმა გურულმა გააკეთა განცხადებები, რომ:
1. არ არის სწორი, როცა ქვეყნის მთავრობას „ჯერ ცაში აჰყავს მუშკეტერებად წოდებული ექიმები, ხოლო შემდეგ მიწაში მარხავს მათ“.
2. ვინმე რომ ამბობს, რომ საქართველოს უკეთესი შედეგები აქვს COVID-19-ის მართვაში, ვიდრე ამერიკას, ისრაელს, ბრიტანეთს და ა.შ. ეს არ უნდა დაიჯერო, რადგან სწორედ ამ თვითკმაყოფილებამ მიიყვანა საქართველო იქამდე, სადაც ის დღეს არის.
თუ ბ-ნ გურულს დავუჯერებთ, ჩვენ (მე, ამირანი და პაატა) უკვე დამარხულები ვართ, ხოლო საქართველოში COVID-19-ის კუთხით რაღაც საშინელება ხდება. ორი დიდი ტყუილი. ეს თქვენ გინდათ, რომ ასე იყოს ბატონო ზურაბ! „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“. საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა? ასე რამ გაგამწარათ?
ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს. ვინ დაგვმარხა - თქვენ და თქვენმა ერთი მუჭა „ჰეითერებისგან“ შემდგარმა საძმომ? თუ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა? თუ სინამდვილეში გარკვევა გაინტერესებთ, გთავაზობთ როცა თბილისში იქნებით, ერთად გავიაროთ თბილისის ქუჩებში და დარწმუნდებით, ვინ არის დამარხული და ვინ მიწის ზემოთ. ასევე გთავაზობთ შევხვდეთ აკადემიურ დებატებში ან ავადმყოფის საწოლთან და იქ გავარკვიოთ ვინ ვინ არის.
საბედნიეროდ, ყველა უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი თქვენსავით არ ფიქრობს. მაგალითად, ბ-ნი დავით მრელაშვილი - საუკეთესო ექიმი და ღირსეული მამულიშვილი, რომელმაც დიდი ინტელექტუალური და პრაქტიკული დახმარება გაუწია ქვეყანას. სხვა არაერთი ექიმის დასახელებაც შეიძლება, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა და მხარში გვიდგას. ბატონო ზურაბ! ის თუ გახსოვთ, თქვენ და თქვენი საძმო როგორ გვაბულინგებდით რემდესივირთან დაკავშირებით. მინდა „გაგახაროთ“, რომ რემდესივირი საქართველოში ძალიან კარგად მუშაობს და უკვე ბევრი COVID ავადმყოფი გადავარჩინეთ დამძიმებას, ხოლო ექიმების ის ნაწილი, ვინც თქვენი გავლენის ქვეშ (ან სხვა მიზეზით) რემდესივირს არ იყენებს, ავადმყოფის წინაშე პირნათელი ვერ იქნებიან. იგივე შეიძლება ვთქვათ კონვალესცენტის პლაზმასა და ტოცილიზუმაბზეც.
ახლა რაც შეეხება ვინ ვისზე უკეთესად მუშაობს და მართლა მიიყვანა, თუ არა თვითკმაყოფილებამ საქართველო ჩOVID კატასტროფამდე.
არავინ დავობს, რომ ევროპის განვითარებული ქვეყნების და მითუმეტეს, ამერიკის ეკონომიკა და ჯანდაცვა მთლიანობაში საქართველოსაზე გაცილებით უფრო ძლიერია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში, ვიმეორებ - ცალკეულ სეგმენტებში, ჩვენ უფრო წარმატებულები ვიყოთ. შორს რომ არ წავიდეთ, ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. სწორედ ამერიკის CDC-იმ, კომპანია Gilead-მა და მსოფლიო ჰეპატოლოგიის ლიდერებმა აირჩიეს 2015 წელს მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყანად საქართველო და არა ამერიკა, ბრიტანეთი, ავსტრია ან ისრაელი.
გასული 5 წლის მანძილზე კომპანია “Gilead”-მა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს უფასოდ მიაწოდა რამოდენიმე მილიარდი (არ მეშლება - რამოდენიმე მილიარდი) აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტები. როგორ ფიქრობთ, რატომ? იმიტომ, რომ ისტორიაში ჩაიწერება, რომ საქართველომ პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში მოახდინა ქრონიკული (და არა მწვავე) ინფექციური დაავადების ელიმინაცია და თან არა ვაქცინით, არამედ კომპანია „Gilead ის მიერ დამზადებული მედიკამენტებით, რაც არნახული რეკლამა იქნება კომპანიისთვის და მრავალგზის ამოიღებს დანახარჯს (უკვე ამოღებული აქვს). და ამხელა მნიშვნელობის საქმე მიანდეს საქართველოს და არა ნებისმიერ სხვა ქვეყანას.
NDI-ის ბოლო გამოკითხვით, რომელსაც ხელისუფლებისადმი მიკერძოებას ნამდვილად ვერ დააბრალებ, მოსახლეობის 68% თვლის, რომ ქვეყანა COVID-19-ის პანდემიას კარგად უმკლავდება და მხოლოდ 27% თვლის პირიქით და ეს პანდემიით გამოწვეული სერიოზული ეკონომიკური და სოციალური სიძნელეების მიუხედავად. ასე, რომ ტყუილად გგონიათ, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია.
ეს თქვენ - საქართველოდან ამერიკაში და სხვა ქვეყნებში წასული ექიმების ერთი ჯგუფი თვლით (უფრო სწორად თავს აჯერებთ), რომ საქართველოში არაფერი იციან და ქვეყანა COVID-19-ის კატასტროფამდე მივიყვანეთ, თორემ ამერიკის და ევროპის წამყვანი სპეციალისტები და დარგის ლიდერები, რომლებმაც თქვენი არსებობის შესახებ, სავარაუდოდ არც კი იციან, ასე არ თვლიან და თქვენგან განსხვავებით დიდად გვაფასებენ. თუ დაინტერესდებით, გაგაცნობთ ვინ და როგორ გვაფასებს. მანამდე კი მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ.
მსოფლიოში უძლიერესი ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორმა და დარგის მსოფლიო ლიდერმა Antony Faucy-იმ 2017 წლის ოქტომბერში ჩვენი თანაშრომლობის 20 წლის თავის აღსანიშნავად ქ. ბეთესდაში მიგვიწვია და სპეციალურად ჩვენთვის ერთდღიანი სიმპოზიუმი მოაწყო, რომელსაც პირადად უძღვებოდა. შეგიძლიათ დაასახელოთ სხვა მსგავსი პრეცედენტი?
ახლა სხვა ქვეყნებს თავი დავანებოთ და ყველაზე სანდო წყაროებიდან დეტალურად შევადაროთ COVID-19-ის სიტუაცია ამერიკასა და საქართველოში ა.წ. 27 მარტის მონაცემებით.
ამერიკაში COVID-19-ის შემთხვევების კუმულაციური რიცხვია 30 922 329 (1 მილიონ მოსახლეზე - 93 026), ხოლო საქართველოში - 280 301 (1 მილიონ მოსახლეზე - 70 365).
ამერიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა კუმულაციური რიცხვი - 562 063 (1 მილიონ მოსახლეზე - 1691), ხოლო საქართველოში - 3751 (1 მილიონ მოსახლეზე -942).
საინტერესოა COVID ავადმყოფების მკურნალობის და მოვლის ხარისხის ამსახველი ყველაზე პირდაპირი და ზუსტი მაჩვენებელი - ყველა დადასტურებული შემთხვევიდან სიკვდილობის პროცენტი, ე.წ. ჩFღ. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ე.წ. CFR - ამერიკაში არის 1,82%, ხოლო საქართველოში - 1,34%.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ გაზაფხულ-ზაფხულზე COVID-19-ის ტალღა საქართველოში სუსტი იყო და ამიტომ კუმულაციური რიცხვები არ ასახავს დღევანდელ რეალურ მდგომარეობას? კი ბატონო. დავითვალოთ ბოლო 1 თვის მაჩვენებლები.
ა.წ. 26 თებერვლიდან 27 მარტამდე (ანუ ბოლო 30 დღეში) ამერიკაში დაფიქსირებული იყო სულ 1 763 130 შემთხვევა (1 მილიონ მოსახლეზე - 5311).
საქართველოში ა.წ. 26 თებერვლიდან 27 მარტამდე (ანუ ბოლო 30 დღეში) დაფიქსირებული იყო სულ 10 008 შემთხვევა (1 მილიონ მოსახლეზე - 2515).
ა.წ. 26 თებერვლიდან 27 მარტამდე (ანუ ბოლო 30 დღეში) ამერიკაში გარდაიცვალა - 41 115 ავადმყოფი (1 მილიონ მოსახლეზე - 124).
საქართველოში ა.წ. 26 თებერვლიდან 27 მარტამდე (ანუ ბოლო 30 დღეში) გარდაიცვალა - 275 ავადმყოფი (1 მილიონ მოსახლეზე - 69).
კიდევ ერთ ნიმუშად ავიღოთ ბოლო დღის - ა.წ. 31 მარტის მონაცემები. ამერიკას ჰქონდა 68 756 ახალი შემთხვევა (1 მილიონ მოსახლეზე - 207 შემთხვევა), საქართველოს - 616 ახალი შემთხვევა (1 მილიონ მოსახლეზე - 155 შემთხვევა). ამერიკას ჰყავდა 1115 გარდაცვლილი (1 მილიონ მოსახლეზე - 3,4 გარდაცვლილი), საქართველოს - 6 გარდაცვლილი (1 მილიონ მოსახლეზე - 1,5 გარდაცვლილი).
როგორც ხედავთ საქართველოს ამერიკასთან შედარებით COVID შემთხვევების და გარდაცვალებების მხრივ პრაქტიკულად ყველა პარამეტრში მნიშვნელოვნად უკეთესი მაჩვენებლები აქვს და ამას წყალი არ გაუვა. ასეთივე ან კიდევ უფრო უკეთესი სტატისტიკა აქვს საქართველოს ევროპის პრაქტიკულად ყველა წამყვან ქვეყანასთან მიმართებაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაქცინა არ გვქონდა, ხოლო ამერიკაში მოსახლეობის 30% უკვე აცრილია.
საქართველოში იყო პანდემიის მხოლოდ ერთი პიკი - 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხოლო ამერიკაში 2 ან 3 პიკი. თქვენ ისიც კი არ გემეტებათ, რომ აღიაროთ, რომ 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში საქართველოში COVID შემთხვევებისა და გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი „ღვთის საჩუქარი“ კი არა, პანდემიის ძალიან კარგად მართვის შედეგი იყო.
ახლა შევადაროთ ერთმანეთს COVID პაციენტთა ნაკადების მართვა. საქართველოში მხოლოდ პიკის პერიოდში (2020 წლის ნოემბერ-დეკემბერი) სულ 3-4 კვირის განმავლობაში იყო კლინიკური სექტორის გადატვირთვა და მით გამოწვეული სერიოზული პრობლემები და სიძნელეები. იგვიანებდა სასწრაფო დახმარება, კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, იყო ჰოსპიტალიზაციის პრობლემები და ა.შ. მაგრამ ეს ახლოსაც ვერ მოვა იმასთან, რაც ხდებოდა ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში. კერძოდ:
თქვენივე (ამერიკის) ოფიციალური წყაროების მიხედვით პანდემიის პიკის პერიოდში ამერიკის მთელ რიგ შტატებსა და დიდ ქალაქებში არ ყოფნიდათ ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგები იდგა და მძიმე COVID ავადმყოფებს უხდებოდათ საშუალოდ 8 საათის გატარება სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული ჰქონდათ მითითება, არ გადაეყვანათ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ვინაიდან არ ჰყოფნიდათ საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალი იყო?! გადატვირთულ მორგებთან რეფრიჟერატორები მორიგეობდენ და გარდაცვლილთა დაკრძალვას ვერ აუდიოდნენ. საქართველოში ხომ მსგავსი არაფერი ყოფილა.
კიდევ ერთი ძალიან მრავლისმეტყველი მაჩვენებელი - საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ (ბინებზე, COVID სასტუმროებში) გარდაიცვალა მხოლოდ 41 COVID ავადმყოფი (ძალიან დაბალი მაჩვენებელი). მაშინ, როდესაც ამერიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებში მათი რიცხვი ასეულობით და ათასეულობით იყო.
საქართველოში იყო შეზღუდვები და ლოქდაუნები, მაგრამ როგორც წესი, ნაკლებად მკაცრი და ნაკლებად ხანგრძლივი, ვიდრე სხვა ქვეყნებში, გასნაკუთრებით ევროპაში, სადაც ახლაც გრძელდება ან ხელახლა შემოაქვთ მკაცრი “ლოქდაუნები”.
ახლა გვითხარით, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველო უკეთესად მართავდა და მართავს COVID პანდემიას (მიუხედავად იმისა, რომ ა.წ. მარტამდე ვაქცინა არ გვქონდა), ვიდრე ამერიკა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. ოღონდ გვიპასუხეთ ფაქტებით და არა ემოციური და შეურაცმხყოფელი გამონათქვამებით. არ გინდათ ქედმაღლური განცხადებები - როგორ ვბედავთ, რომ ამერიკის და ევროპის ქვეყნებს ვედრებით და ა.შ.. ჩვენ შესანიშნავად ვიცით, რაში შეიძლება და რაში არ შეიძლება შევედაროთ ამ ქვეყნებს.
დიახ, ამერიკის GDP 21.4 ტრილიონი დოლარია, ერთ სულ მოსახლეზე - 65 297 დოლარი. საქართველოს GDP კი სულ 17.5 მილიარდი დოლარი, ერთ სულ მოსახლეზე - 4 697 დოლარი. თქვენ ვაქცინაც გაქვთ, ECMO-ც, „Code”-ც და კიდევ ათასი სიკეთე და მაინც COVID შემთხვევებიც, COVID გარდაცვალებებიც (1 მილიონ მოსახლეზე) და CFR ამერიკაში თითქმის 1,5-2-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.
ასე, რომ ბატონო ზურაბ, ცნობა ჩვენი და საქართველოს გარდაცვალების შესახებ ცოტათი გაზვიადებულია და თქვენს ოცნებას ასრულება არ უწერია”, - წერს თენგიზ ცერცვაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up