დაზუსტებით არა, მაგრამ ვარაუდით შეიძლება ვთქვათ, რომ ფული კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, მათ პაციენტებს შორის ეს ფაქტი რამდენიმე ადამიანმა დააფიქსირა.
„ვთქვათ ხელოსანმა, რომელმაც შეკვეთის შესრულებისთვის ფული აიღო, ასევე ლომბარდის თანამშრომელმა. მოკლედ, რამდენიმე ადამიანი ვარაუდით ასახელებს, რომ ინფექციის გადადება მოხდა ფულით. ასე რომ ეს გზა სავსებით რეალურია“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 131 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge