სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში და პირველ რიგში ევროპაში ძალიან სწრაფად პროგრესირებს ეპიდემია, როგორც გავრცელების, ისე სიკვდილის ახალი შემთხვევების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო ამ მოვლენებიდან მთლიანად გვერდზე ვერ დარჩება.
„საქართველოში ახლო მომავალში მოსალოდნელია შემთხვევების მატება, შესაძლოა მნიშვნელოვანი მატებაც, რამდენადაც საქართველო ე.წ. მეოთხეული განვითარების ეტაპზე გადავიდა და ამ სიტუაციაში გარდაუვალია შემთხვევების მატება. სამწუხაროდ, ალბათ გვექნება ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც, ვინაიდან, ამას ჯერჯერობით ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა. ჩემი პროგნოზი ასეთია, რამდენადაც ამ სამთავრობო ვერტიკალის გამართულმა მუშაობამ საშუალება მოგვცა პრაქტიკულად მოგვეგო სამი-ოთხი კვირა სხვა ქვეყნებთან შედარებით და ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ერთი-ორი საფეხურით საიმედო მდგომარეობა გვქონდეს, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნებს აქვთ. ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს, თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, როგორც ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, ისე ადამიანური მსხვერპლით კუთხით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 11 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge