საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.საზოგადოებას პედიატრი თემურ მიქელაძე „კომერსანტის“ საშუალებით კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციას აძლევს.
„პირველი არ აყვეთ პანიკას. ერთ პაციენტთან დადასტურებული ვირუსი და ისიც მსუბუქი ფორმაში არ იძლევა გავრცელების მაღალი რისკის საშუალებას. მსოფლიო მასტაბით 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გვაქვს ერთეული შემთხვევა და ისიც იოლ ფორმებში. 80%-ის შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს საშუალო ან მსუბუქი ფორმებით, რომელიც პრაქტიკულად არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მთავარი რჩევაა, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენური ნორმები. ხელების ხშირი დაბანა, ოთახის სველი წესით დალაგება და განიავება.
გირჩევთ დროებით შეიკავოთ თავი საზოგადოების თავშეყრის ადგილებისგან, მათ შორის ბავშვთა გასართობი ცენტრებისგან, რადგან ახლა ვირუსების პერიოდია. პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
არ არის აუცილებელი საკვები და მალეფუჭებადი პრდუქტების მომარაგება, რომელიც ზოგ შემთხვევაში თავად შეიძლება იყოს კვებითი ინტოკსიკაციისა და ნაწლავების ინფექციის წყარო.“-ამბობს თემურ მიქელაძე.
პედიატრი სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის შედეგად გარდაცვლილი პაციენტების მდგომარეობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ვირუსის შედეგად დაღუპული პაციენტები იყვნენ სხვადასხვა დაავადების მატარებლები. მისი რჩევაა ასაკოვანი და ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტები მეტად გაუფრთხილდნენ თავს. მიქელაძის თქმით, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ყველა ვირუსი, მათ შორის კორონაც გადაივლის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ნათია ლომიძე