ბიზნესმენი თემურ ჭყონია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ მიუხედავად ეროვნული ვალუტის არასტაბილურობისა, ის მზად არის რისკზე წავიდეს, ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელოს და არსებული პროექტები განავითაროს, მათ შორისაა, „მაკდონალდსის“ ქსელი.
„ჩვენ განვითარებას გავაგრძელებთ თუ შემხვედრი ინიციატივაც იქნება იმ უწყებებისგან, ვის ხელშიც არის გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ, ჩვენ შეგვიძლია ინვესტიციის განხორციელება და პროექტის სრულყოფილება,“ - აცხადებს თემურ ჭყონია.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, სამწუხაროდ, ბიზნესის ანალიზი და მოლოდინები არ ემთხვევა სამთავრობო სხვადასხვა უწყების ანალიზსა და მოლოდინებს. კერძოდ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის განცხადებები უფრო დამამშვიდებელია, ვიდრე ეკონომიკურ ანალიზზე დაყრდნობილი რეალობა. ჭყონიას განმარტებით, დღეს მთავრობას ლარის კურსთან მიმართებაში უფრო სუსტი იდეოლოგია აქვს, ვიდრე რეალური სურათია.
„სამთავრობო უწყებებში გაკეთებული განცხადებები და შეხედულებები განსხვავდება სპეციალისტების შეხედულებებისგანაც. მმართველი გუნდის განცხადებები არის დამამშვიდებელი, რომელიც არ მუშაობს ხოლო ჩვენი, ანუ ბიზნესის და სპეციალისტების არის უფრო რეალისტური,“ - აცხადებს თემურ ჭყონია.
რაც შეეხება იმას, თუ რა არის რეალისტური პროგნოზი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, ამაზე ბიზნესმენი ვერ საუბრობს,რადგან მას რეალური მონაცემები არ აქვს.