თემურ ბასილია: საბანკო სისტემაა ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხდებოდა ლარის დევალვაცია

თემურ ბასილია: საბანკო სისტემაა ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხდებოდა ლარის დევალვაცია

person access_time2016-02-01 16:39:40

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ თემურ ბასილიასთან


– ქართული ბანკების წმინდა მოგება წელს გაიზარდა და ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ბევრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შემცირებულ შემოსავლებზე, საბანკო კრედიტების გადახდის სირთულესა და სამომხმარებლო აქტივობის შემცირებაზე საუბრობენ. რით ახსნით ასეთ ვითარებას?


– დავიწყოთ იმით, რომ ბანკებს განსაკუთრებული მდგომარეობა შეექმნათ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს. თქვენ გახსოვთ, რომ  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის გამოყოფა, საიდანაც მილიარდი დოლარი, მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით, ბანკების დასახმარებლად წავიდა. მაშინ ბანკები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და მათ მთელი რიგი შეღავათიანი პირობები შეექმნათ. ეს იყო საკმაოდ სერიოზული ფინანსური ინექცია საბანკო სექტორში. გარდა ამისა, ბანკებს მიეცათ სხვა საქმიანობის საშუალება. მოგეხსენებათ. მანამდე კანონმდებლობით ბანკებს მხოლოდ საბანკო საქმიანობის ფუნქცია ჰქონდათ – ანუ შეეძლოთ მოქალაქეებისგან დეპოზიტების მიღება და სესხების გაცემა. სხვა კომერციული საქმიანობის უფლება ბანკებს არ გააჩნდათ და სხვათა შორის, ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის აშშ–ში, სადაც ბანკები მკაცრად რეგლამენტირებულნი არიან და არ აქვთ სხვა საქმიანობის უფლება, გარდა წმინდა საფინანსო ოპერაციებისა. საბანკო ზედამხედველობა ძალიან მკაცრად აკონტროლებს ამ ნორმას. საქართველოში კი ბანკებს მიეცათ ყველა ბიზნესის კეთების უფლება და სწორედ ამან გამოიწვია, რომ მოხდა საბანკო სექტორის ხელოვნურად გაბერვა. ამას მოჰყვა ის, რომ შეიცვალა ამ ბანკების მფლობელები. თქვენ რომ ნახოთ, როცა ქართულ ბანკებზეა საუბარი, რეალურად არცერთი არ არის ქართული (თუ არ ვცდები, „ქართუს“ გარდა) და მათი მფლობელები არიან ან უცხოელი მოქალაქეები, ან საერთაშორისო ორგანიზაციები, ან უცხოეთში დარეგისტრირებული ფირმები. 


– რა საფრთხეს ხედავთ ამაში?


– პირდაპირი პოლიტიკური საფრთხე ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა საუბარია უცხოურ  მფლობელებზე, ამ შემთხვევაში მათი ლობისტური მდგომარეობა გაცილებით ძლიერია. ამ ბანკების დამფუძნებელ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს შეუძლიათ პირდაპირ მთავრობასთან აწარმოონ მოლაპარაკებები, მათ შორის თავიანთ კომერციულ ინტერესებზე. მთავრობა კი იძულებულია და ვალდებულიცაა, გაითვალისწინოს მათი ინტერესები, ანუ შეუნარჩუნოს მათ ის მონოპოლიური და სასათბურე მდგომარეობა, რომელიც შეუქმნეს რამდენიმე წლის წინ.


– იმის თქმა გსურთ,  რომ წინა ხელისუფლებამ საბანკო სისტემას სასათბურე პირობები შეუქმნა პოლიტიკური მიზნით?


– ცხადია, ამის უკან იყო პოლიტიკური ინტერესი, რადგან ბანკების საშუალებით ხდებოდა ადამიანთა დიდი მასის გაკონტროლება ფინანსურად. ასევე ბიზნესის გაკონტროლებაც. ბანკები კი მხარს უჭერდნენ ხელისუფლებას როგორც ეკონომიკურად, ისე  პოლიტიკურადაც.

 

– როგორ უნდა მოხდეს ამ სისტემის გაჯანსაღება?


– პირველ რიგში, რაც უნდა გაკეთდეს, ისაა, რომ ბანკები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ როლს, თავიანთ ფუნქციას – დეპოზიტების მიღებას და სესხების გაცემას. სხვა არაპროფილური საქმიანობის უფლება მათ უნდა ჩამოერთვას. 


– არაპროფილური აქტივების ფლობა ბანკებს აეკრძალათ, თუმცა ექსპერტების და დეველოპერების დიდი ნაწილის შეფასებით, რეალურად ბანკებს არაპროფილური აქტივები არ დაუთმიათ. თქვენც ასე ფიქრობთ?

 

 მხოლოდ ეროვნული ბანკის რომელიმე ინსტრუქციით  ან გადაწყვეტილებით ამ საკითხის დარეგულირება შეუძლებელია. ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. ვერ გეტყვით, რატომ არ არსებობს ამის ნება ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი არაერთხელ დაისვა, თუმცა ისევ ჰაერშია გამოკიდებული. თუ დღევანდელი ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, კიდევ უფრო რთული პროცესები განვითარდება საფინანსო სექტორში, სადაც ისედაც რთული პროცესები მიმდინარეობს. ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, ელემენტარული რამ. საჭიროა საკანონმდებლო ცვლილების მომზადება და ეს არაა რთული სამუშაო. 


 გარდა არაპროფილური საქმიანობისა, ბანკებისადმი პრეტენზიები ისმის იმ კუთხითაც, რომ მათი მმართველები ხშირად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დამფუძნებლები არიან და ბანკები უპრობლემოდ უმტკიცებენ სესხებს ასეთ ორგანიზაციებს, რომლებიც, თავის მხრივ, კრედიტებს გასცემენ მაღალ პროცენტად. ამაში თუ ხედავთ პრობლემას?


– ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მფლობელები ამ ბანკების მენეჯერები არიან. ანუ ბანკი გასცემს უსაფრთხო სესხს, შემდეგ საფინანსო ინსტიტუტები კიდევ უფრო გაზრდილი პროცენტით გადაასესხებენ ამ ფულს. პრაქტიკულად გამოდის, რომ სესხის ამღებს  უწევს ორმაგი პროცენტის გადახდა – ერთი ბანკისთვის და მეორე მიკროსაფინანსო ინსტიტუტისთვის. ეს თემა საქართველოში საერთოდ არაა დარეგულირებული და ეს სფეროც აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მცირე ბანკების ფუნქციას ასრულებენ, მაშინ საბანკო ზედამხედველობის მხრიდან მათი კონტროლი უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, ეს სფერო დღეს მიშვებულია. 



 ლარის გაუფასურების პირობებში, ქართულმა ბანკებმა რესტრუქტურიზაციის პროგრამები გამოაცხადეს. თქვენი აზრით, ამ პროგრამებმა რეალურად შეამსუბუქა დოლარის მსესხებელთა მდგომარეობა?


– ბანკებმა გამოაცხადეს თანხის გადავადება, პროცენტი კი იგივე დარჩა. რეალურად გამოვიდა, რომ ადამიანებს უფრო მეტი საპროცენტო მომსახურების თანხა აქვთ გადასახდელი, ვიდრე ექნებოდათ, თავის დროზე რომ დაეფარათ კრედიტები. რეალურად, ბანკებს არავითარი შეღავათი არ გაუკეთებიათ კლიენტებისთვის.


– მსგავს ვითარებაში კიდევ რა უნდა გაეკეთებინა საკრედიტო ორგანიზაციას მომხმარებლისთვის და სხვა ქვეყნებში რას აკეთებენ?


– ბანკებს შეეძლოთ შეემცირებინათ საპროცენტო განაკვეთები და რაღაც დონეზე გაენულებინათ კიდეც. ბანკებს ისე აქვთ აწყობილი გადახდის სისტემა, რომ საპროცენტო მოგება უკვე პირველ წელს აქვთ ამოღებული და მომდევნო წლებში უკვე ზემოგებაზე მუშაობენ. ამერიკაშიც ასეა.  ბანკების მხრიდან სწორი იქნებოდა ეთქვათ, რომ ეს მოგება უკვე ამოღებული აქვთ და მეორე და მესამე წელზე ან შეემცირებინათ მოგება, ან საერთოდ გაენულებინათ.


– ბანკებისთვის ეს საშიში პრეცედენტი არ იქნებოდა?


– ეს იქნებოდა გონივრული პრეცედენტი, რადგან ბანკებისთვისაც აუცილებელია, რომ მათი კლიენტები არ გაკოტრდნენ და გადახდისუნარიანი იყვნენ. ბანკებს ხომ კლიენტები სჭირდებათ? თუ კლიენტები მოაკლდებათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მათ შემოსავლებს შეამცირებს.


 ინტერვიუ ბიზნესის პრობლემებით დავიწყეთ, რომელსაც ლარის გაუფასურებამ ბევრი სირთულე შეუქმნა. ბანკების მდგომარეობაში რა შეცვალა ვალუტის დევალვაციამ?


– გასულ წელს გაცემული იყო მილიარდი დოლარის მოკლევადიანი კრედიტი, ლარის გასული წლის კურსით ლარებში ეს თანხა იყო 1, 7 მილიარდი. კურსის ცვლილებამ კი ეს ერთი მილიარდი გადააქცია 2,4 მილიარდ ლარად. ანუ იგივე სესხის მომსახურებას 700 მილიონი ლარით მეტი სჭირდება. ესაა ლარების ის რაოდენობა, რომელიც ამოდის მიმოქცევიდან. ეს კი ბიზნესის განვითარებას არ უწყობს ხელს.


– ეს ხომ ბანკების „დანაშაული“ არ არის? თანაც მომხმარებლის გადახდისუნარიანობის გაუარესება, რაც ლარის გაუფასურებას მოსდევს, ბანკსაც ხომ აზარალებს?


– ეს არის მთლიანობაში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფულად საკრედიტო პოლიტიკის შედეგი. ასევე მთავრობის მხრიდან ამ პროცესის არჩარევის და მთლიანად საბანკო სექტორში არსებული ვითარების შედეგი. სწორედ საბანკო სისტემაა ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხდებოდა ლარის დევალვაცია. 


– რა გაქვთ მხედველობაში?


– თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გასული წლის იანვრის ანგარიშს, იქ პირდაპირ წერია, რომ ერთერთი ყველაზე სერიოზული რისკი ესაა ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხების დიდი ნაწილი, რომელთა დაბრუნება გართულდება ლარის დევალვაციის გამო. ამ მიმართულებით სავალუტო ფონდი ზუსტად ერთი წლის წინ რეკომენდაციებს აძლევდა ეროვნულ ბანკს და მთავრობას, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა. მეორე პრობლემაა ლიკვიდობის რისკი, როდესაც საბანკო სექტორს არ გააჩნია ფული, რათა დაფაროს ვალდებულებები, მათ შორის მეანაბრეების წინაშე. სწორედ იმის გამო, რომ ბანკები გაკოტრების წინაშე დადგნენ (შესაძლოა ეს ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასეა) ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მათზე სესხების გაცემა – ე.წ. რეფინანსირების სესხების. ერთ მილიარდ ლარზე მეტი ასეთი სესხია უკვე გაცემული. სწორედ ეს იყო ერთერთი მიზეზი, რამაც ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია. ბანკების არასწორი მენეჯმენტის გამო ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, მათზე მილიარდ ლარზე მეტი სესხი გაეცა. აი, სწორედ ესაა ბანკების „როლი“ ლარის გაუფასურებაში. საბანკო რეგულაცია საქართველოში მოიკოჭლებს და ესაა პრობლემა. ერთ რამესაც აღვნიშნავდი: საბანკო სექტორმა გასულ წლებში მოიზიდა 2,7 მილიარდი დოლარი სესხების სახით უცხოური რესურსი, საიდანაც უახლოეს 3 წელიწადში დასაბრუნებელი აქვს 4,4 მილიარდი დოლარი. ერთი თემაა, რომ ეს ორი მაჩვენებელი არ ედრება ერთმანეთს, რადგან  მომსახურების ხარჯი გამოდის 50%–ზე მეტი და დარწმუნებული ვარ, რომ აქ კორუფციულ ელემენტები დევს. მეორე და უფრო სერიოზული პრობლემაა, რომ ეს მიმოქცევაში ლარის რაოდენობას ამცირებს: როდესაც ეს 2,7 მილიარდი დოლარი შემოიტანეს, ლარის კურსი იყო 1,7 ანუ ლარებში ბანკებმა შემოიტანეს 4,6 მილიარდი ლარი და  გადასახდელი აქვთ 4,4 მილიარდი დოლარი, რაც დღევანდელი კურსით არის 11 მილიარდი ლარი. ანუ ეკონომიკაში შემოიტანეს 4,4 მილიარდი ლარი და გააქვთ 11 მილიარდი. ესაა ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები. წელს 2 მილიარდ დოლარს აღწევს გადასახდელი თანხა. ესაა პასუხი შეკითხვაზე, როგორ „უწყობს“ ხელს საბანკო სექტორი ბიზნესს. ესაა მკაფიო მაგალითი, თუ როგორ უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნესზე საბანკო სისტემის ასეთი არასრულყოფილი მენეჯმენტი.


– მაღალი დოლარიზაციის პრობლემაზე საქართველოში ექსპერტებიც და მინისტრებიც საუბრობენ. ეკონომიკური სირთულეების პირობებში, ხელისუფლებას ან ეროვნულ ბანკს რა ბერკეტი აქვს, ხელი შეუწყოს ამ მაჩვენებლის შემცირებას? 


– დოლარიზაციის შემცირება სავალუტო ფონდის ერთერთი რეკომენდაციაა. არ მიყვარს წინა ხელისუფლებების კრიტიკა, მაგრამ ფაქტია,  რომ სააკაშვილის დროს ბანკებს მიეცათ ექსკლუზიური უფლება, ოპერაციები უცხოურ ვალუტაში ეწარმოებინათ. მანამდე მათ ეროვნულ ვალუტაში ლარში უნდა განეხორციელებინათ ოპერაციები. თუ ვინმეს დოლარის სესხება სურდა, სესხი ლარში უნდა აეღო და შემდეგ გადაეხურდავებინა დოლარში. 


– რამდენად დემოკრატიულია ეს მიდგომა?


– ნამდვილად დემოკრატიულია და აშშ–შიც და ევროგაერთიანებაშიც ასე ხდება. ასე იყო ჩვენთანაც, მაგრამ ეს სისტემა მოიშალა. მსგავსი სისტემა ხელს შეუწყობდა ლარის მიმართ ნდობის გამყარებას.


– თქვენ საუბრობთ, რომ ხელისუფლება არ რეაგირებს საბანკო სექტორის გაჯანსაღების მოთხოვნებზე და რეკომენდაციებზე. საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას არ მიიჩნევთ ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯად?


– ეს ერთერთი სწორი, წინგადადგმული ნაბიჯი გახლავთ. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში არანაირი პოლიციური გამოსახლება არ არსებობს. თუ ადამიანი დროულად ვერ იხდის კრედიტს, მას ბანკიდან მისდის შეტყობინება. თუ მაინც ვერ იხდის, ხდება მიმართვა სასამართლოსთვის და უკვე სასამართლო პროცედურები იწყება. 


 თუმცა ამერიკული სასამართლო ქართულზე ეფექტურია და სწორედ სასამართლო სისტემის ხარვეზია ის მიზეზი, როს გამოც საქართველოში ამ კანონის მიღებად ეწინააღმდეგებოდნენ...


– ნორმალური სისტემაა ის, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. თუ ჩვენ მივდივართ ნორმალური ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობისკენ, ეს ფორმა უნდა იყოს დანერგილი, რაც გაკეთდა და სწორია. 


– თუ ეს ნაბიჯი გადაიდგა, თქვენი შეფასებით, სხვა ნაბიჯებზე რატომ არ მიდის ხელისუფლება – ხომ არ ეშინია მას ფინანსური რყევების?


– რეგულაციების გამკაცრება ფინანსურ რყევებს ნამდვილად არ გამოიწვევს, პირიქით, დაასტაბილურებს ვითარებას. მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან უჭირს გადაწყვეტილებების მიღება – არა მხოლოდ ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში, არამედ საერთოდ. შემიძლია დაგისახელოთ მისი წინასაარჩევნო დაპირება სააკაშვილის ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით დევნილთა საქმეების გადახედვაზე, რასაც დიდი ფინანსური რესურსები არ ჭირდებოდა. კარგი იქნება, უფრო ბევრ პროფესიონალთან ტარდებოდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ იღებდეს მთავრობა გადაწყვეტილებებს. და მეორე და მთავარი – ესაა პოლიტიკური ნების არარსებობა. 

 

– ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ არ ელოდებით, რომ მთავრობა უფრო აქტიური იქნება?


– გიორგის დიდი ხანია ვიცნობ, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთერთი სამსახურის უფროსი გახლდათ, როდესაც მე პრეზიდენტის თანაშემწე ვიყავი, და მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შემიძლია ვილაპარაკო მასზე როგორც პიროვნული ისე პროფესიონალური თვალსაზრისით. ბოლო პერიოდში, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში აშშ–ში ყოფნისას, მე მას რამდენჯერმე შევხვდი და ამ თემებზეც ვისაუბრეთ. მიმაჩნია, რომ კარგი კანდიდატურაა, მაგრამ კითხვაა, რამდენად შეძლებს ის არსებული წინააღმდეგობების დაძლევას, არსებული ლობისტური ჯგუფების წინააღმდეგობის დაძლევას. ამას სჭირდება ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა.  



დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up