თელავში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ვივი“-ს წარმომადგენელი გივი ხითარიშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, პანდემიის გამო მშენებლობის განახლების ვადა განსაზღვრული არ არის.
მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის გახსნა 2022 წლისთვის იგეგმებოდა. პროექტი არქიტექტურულმა კომპანია „სტუდია 9“-მ მოამზადა.
კომპლექსი თელავში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მევენახეობა-მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე შენდება. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული 40 ჰექტარი ვენახისა და ლაბორატორიების აღდგენაც. პროექტი 150 ნომრიან სასტუმრო კომპლექსსა და მუზეუმს მოიცავს.
ხითარიშვილის თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია ღვინის ქარხნის მშენებლობაც, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობს.
მარიამ მორგოშია