„მარტივია ფილოსოფია, რომ სერვისები არ იყოს თავმოყრილი მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში. მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ მოგზაურობა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, როცა კარგი ინიციატივა აქვთ და სახელმწიფოს ხელშეწყობა სჭირდებათ. ვასრულებთ საბჭოთა ხანას, როცა კარგი სერვისები მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში იყო ხელმისაწვდომი“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რაჭაში, პროექტ „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ წარდგენისას განაცხადა.
„ბოლო რვა წლის განმავლობაში, ჩვენ მთელი საქართველო მოვიცავით უპრეცედენტო მშენებლობების პროცესით. დღეს ჩვენ 81 საზოგადოებრივი ცენტრი გვაქვს. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება დედოფლისწყაროში, ნინოწმინდაში, ასპინძასა და ბაღდათში. 1-ელ სექტემბრამდე, იმ 24 იუსტიციის სახლს, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, დაემატება ქარელისა და წყალტუბოს იუსტიციის სახლები. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ იუსტიციის სახლები, სოფლებში, მცირე ქალაქებსა და დაბებში ცვლის თქვენს ყოველდღიურობას ბიზნესმენებისთვის, ფერმერებისთვის და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებისთვის. მომავალ წელს მცხეთას, საგარეჯოსა და წალენჯიხასაც მივხედავთ“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.