„16 აგვისტოს გამთენიის მძლავრმა მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრიც დმანისის რაიონის სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს, რომ დღეს საქართველოში სეისმური ინფორმაციის ხელმისწავდომობა შეზღუდულია, მწვავედ დგას ამ კუთხით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია“, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირქტორის, თეა გოდოლაძის მიერ სეისმო ინფორმაციის მონოპოლიზების ფაქტი ყველა სხვას უზღუდავს საშუალებას, იმუშაონ სეისმურ თემატიკაზე და ამ მიმართულებით სრულფასოვნად დაკავდნენ მეცნიერული საქმიანობით.
„თეა გოდოლაძის მიერ სხვადასხვა დროს მოხმობილი არგუმენტი, რომ ის არ არის ვალდებული გახსნას სეისმური ინფორმაცია, და რომ 3 მაგნიტუდის ქვემოთ დაფიქსირებული ბიძგები მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციის საკუთრებაა, რომელიც მან ამერიკელების დახმარებით შექმნა, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია და სცდება რაციონალური განსჯის არეალს, თუმცა შემდგომი სამართლებრივი განსჯისთვის, ცხადია, ადგილს ტოვებს.
დარწმუნებული ვარ, რაც მალე დასრულდება თეა გოდოლაძის თვითნებობა და რაც მალე გახდება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებულისთვის მიწისძვრების სრული კატალოგი, მით მალე შეძლებს ჩვენი საზოგადოება უფრო კვალიფიციური და პროგნოზზე და პრევენციაზე ორიენტირებული ინფორმაციისა და ანალიზის მიღებას სეისმოლოგებისა და გეოფიზიკოსებისგან“, - აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ განსაკუთრებით გახშირებული მიწისძვრების ფონზე საზოგადოებას აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ მშრალი ფაქტები სათაურით - „საქართველოში მიწისძვრა მოხდა“. „საზოგადოების დაკვეთა სეისმოლოგების მიმართ აშკარად უფრო მეტია, ვიდრე პოსტ ფაქტუმ მშრალი ფაქტების კონსტატირება. ცხადია, მათ არავინ სთხოვს, მიწისძვრების პროგნოზირებას, მაგრამ როცა გარკვეული ტექტონიკური პროცესები ქვეყანაში აშკარად გამოხატულია, ბუნებრივია, მოსახლეობას კვალიფიციური ანალიზის მოსმენა სურს. ამას კი არ აკეთებს თეა გოდოლაძე და მისი უწყება და მიწისძვრების სრული კატალოგის დახურვით, არც მეცნიერთა სხვა ჯგუფს აძლევს ამ საკითხებზე მუშაობის საშუალებას. ბუნებრივია, ეს თვითნებობა და არაკომპეტენტურობა უნდა დასრულდეს. როგორც მეცნიერებს, ისე სხვადასხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, უნდა ჰქონდეს წვდომა მონაცემებზე, რათა შემუშავდეს მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვადასხვა სცენარები და დამუშავდეს მოქმედების გეგმები“, - აღნიშნა კაიკაციშვილმა.