თბილისში STARBUCKS-ის გახსნის თარიღი კვლავ უცნობია. მსოფლიოში ყავახანების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი ბრენდის პირველი ობიექტის გახსნაის თარიღი„თბილისი მოლში“ ორჯერ შეიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ბრენდის გახსნა 2019 წლის ბოლომდე იგეგმებოდა.თუმცა, როგორც დღეს „კომერსანტს“ თბილისი მოლში განუცხადეს, Starbucks-ის ობიექტის გახსნა არც წლის ბოლოსთვის მოხდება.
„STARBUCKS-თან მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეჩერებულია, რადგან შემომყვანმა თურქულმა კომპანიამ პროექტის განხორციელება გადადო. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია თუ როდის განახლდება მოლაპარაკებები“, - განაცხადა „თბილის მოლის“ კომერციული და მარკეტინგული ოპერაციების ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ.
ამერიკული ყავის კომპანია საქართველოში მისი ფრენჩაიზის მფლობელის, “შაიას” მეშვეობით უნდა შემოსულიყო. კომპანია 2002 წელს ქუვეითში “ალშაიას ჯგუფმა” დააარსა და წლებია, თურქეთის ბაზარზე საცალო გაყიდვებში ოპერირებს. კომპანია თურქეთში ისეთი ცნობილი ბრენდების ფრენჩაიზის მფლობელია, როგორიცაა “ვიქტორია სეკრეტი” და სხვა. “შაიას” მეშვეობით სტარბაქსი აზერბაიჯანშიც იყიდება.
ამერიკული ყავის კომპანია Starbucks 1971 წელს ვაშინგტონში დაარსდა. კომპანია სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის სამმა ყოფილმა სტუდენტმა გახსნა, რომლებიც შემდეგ პარტნიორები გახდნენ და გადაწყვიტეს, რომ მაღალი ხარისხის ყავა განსაკუთრებული წესით მოემზადებინათ.
კომპანიამ პირველი მაღაზია სიეტლში გახსნა და დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს 70 ქვეყანაში 24 ათასი მაღაზია აქვს.
ნინო თამაზაშვილი