კომპანიამ „ლვოვის ავტობუსების ქარხნები“ („ლაზ“) შესაძლოა საქართველოში ავტობუსების წარმოება დაიწყოს. ინფორმაციას უკრაინული საქმიანი გამოცემა delo.ua ავრცელებს. კომპანიის მმართველის, City Transport Group Ltd., СТГ–ის კომერციული დირექტორის ვადიმ ლიოგკის განცხადებით, თბილისში მიმდინარე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ქვეყანაში ავტობუსების წარმოების უფლება მიეცემა.
მისი ინფორმაციით, „ლაზ“–მა გა დაწყვიტა, აქცენტი საექსპორტო ბაზრებზე აიღოს და მოლაპარაკებებს აწარმოებს 7 ქვეყანასთან 550–ზე მეტი ავტობუსისა და 120 ტროლეიბუსის მიწოდებასთან დაკავშირებით.
თბილისის გარდა, კომპანია მონაწილეობას იღებს ტენდერებში კოსოვოსა და ეკვადორის ქალაქ კიტოში.
საქართველოს დედაქალაქში გამოცხადებული ტენდერი ითვალისწინებს 175 ერთეული, 12 მეტრის სიგრძის ავტობუსების მიწოდებას, თუმცა შესაძლოა ეს რაოდენობა 195–მდე გაიზარდოს. აღნიშნული ავტობუსები CNG–ძრავით (ევრო–6) არის აღჭურვილი. კონტრაქტის საერთო მოცულობა 30 მილიონ ევროს შეადგენს. თბილისისთვის კომპანიამ შეარჩია მოდიფიცირებული „ლაზ А-183,“ რომელიც აღჭურვილია კონდიციონერით, ვიდეოთვალთვალით, გადახდის ავტომატური სისტემით.
გასულ წელს „ლაზ“–მა გაიმარჯვა ტენდერში ქაიროში, 289 ავტობუსის მიწოდებაზე. თანხა 66,5 მილიონი დოლარია. ტენდერში ასევე მონაწილეობდნენ Mercedes, Volvo, Scania დ КамАЗ–ი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ახალი ავტობუსები სექტემბერში უნდა გამოჩნდეს.
სატენდერო წინადადებები 16 მარტს გაიხსნა და მასში 7 კომპანია მონაწილეობს, თუმცა თბილისის მერიაში კომპანიების დასახელებას არ ამჟღავნებენ და ამბობენ, რომ კომპანიების წინადადებების შეფასება ექსპერტების, მათ შორის EBRD–ის სპეციალისტების მიერ ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
მათი გადაწყვეტილება მომავალ თვეში გახდება ცნობილი.