25 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართება რეგიონული ბიზნესის ფორუმი -,,ღია დიალოგი“. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. როგორც „კომერსანტს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ფორუმი, პრემიერ-მინისტრის პატრონაჟითა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას გახსნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ – საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ფორუმის ფარგლებში,მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების 200-მდე წარმომადგენელს, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, საშუალება მიეცემათშეკითხვები დაუსვან მთავრობის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელებს და სხვადასხვა საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების წარმომადგენლებს. ღონისძიების მიზანია, მთავრობისთვის რეგიონული ბიზნესის პრობლემატიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, კერძო სექტორისთვის კი პრობლემატური საკითხების მთავრობის წინაშე დასაყენებლად ეფექტური პლატფორმის შექმნა.
ფორუმის ფარგლებში, მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგებიან-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქონების ეროვნული სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები.