თბილისში მეორეული საბურავების და აალებადი საქონლის გაყიდვის აკრძალვა 2024 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო.
„მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №54-35 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებასა ან/და რეალიზაციაზე გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან“, - აღნიშნულია საკრებულოს 26 იანვრის დადგენილებაში.
ცნობისათვის, მეორეული საბურავები ჯერ 2020 წლის 1-ლი მაისიდან უნდა აკრძალულიყო, შემდეგ ვადამ 2022 წლამდე გადაიწია, ახლა კი საკრებულომ თბილისში მეორეული საბურავების და აალებადი საქონლის გაყიდვის აკრძალვა 2024 წლის 1-ელ იანვრამდე გადასწია.
BPN.GE