თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა დაახლოებით, 1 წლით გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის.ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, კორონავირუსის პანდემიის გამო საკმაოდ ბევრი პროექტი დაპაუზდა. მათ შორისააა, თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომლის გახსნის თარიღმაც ორჯერ გადაიწია.
„ჭავჭავაძეზე უნდა გაგვეხსნა Hilton-ი,მაგრამ მასთან ერთად ყველაფერი შევაჩერეთ და კონსერვაციის გეგმაზე ვმუშაობთ. პირველივე დღეებში მოგვიწია „კლუბი 71“-ის გაჩერება, რაც შეეხება მშენებარე პროექტებს, ჯერჯერობით არ ვაჩერებთ. კონსერვაციის სტადიამდე მივიყვანთ,რომ ჭერქვეშ მოვაქციოთ, კარკასი დავამთავროთ და გადავხუროთ. ჩვენი გათვლებით მასპინძლობის ნაწილში, მინიმუმ ერთი წელი გაჩერებული ვიქნებით“-აცხადებს პაპაშვილი.
როგორც ცნობილია, სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. Hilton-ის პირველი სასტუმრო დედაქალაქში ჯერ 2020 წლის თებერვალში, შემდეგ კი მარტში უნდა გახსნილიყო. სასტუმროს გახსნას ხელი ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე გზის ინფრასტრუქტურულმა სამუშოების მიმდინარეობამ შეუშალა.
Hilton Garden inn.-ს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე აშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერი იქნება განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზე იქნება გათვლილი.
Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის ქვეშ შენდება სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში, მისი გახსნა 2020 წელსაა დაგეგმილი. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენი დავით კოდუა.
სოფო ქსოვრელი