თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078 188 იყო. ექსკლუზიური ნებართვის მოპოვება „ალმას“ მარცხენა სანაპიროზე 13 293 828 ლარი დაუჯდა.
რაც შეეხება მარჯვენა სანაპიროზე გამოცხადებულ აუქციონს, სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 1 025 325 ლარი იყო, ერთადერთი პრეტენდენტი „ალმა“ იყო. სარეკლამო კომპანიამ ნებართვა კონკურენციის გარეშე, 21 531 803 ლარად მოიპოვა.
ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ მტკვარის მარჯვენა სანაპიროზე რეკლამის განთავსება 415 ობიექტზე შეეძლება. მათ შორის: 337 ბილბორდზე, 66 ლაითბოქსა და 12 მონიტორზე. გარდა არსებული ობიექტებისა, სარეკლამო კომპანია უფლებამოსილია ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე გარე რეკლამის მცირე საშუალებები განათავსოს, ერთდროულად არაუმეტეს 470 ერთეულისა.
მტკვარის მარცხენა სანაპიროზე რეკლამის განთავსება „ალმას“ 220 ობიექტზე შეეძლება. მათ შორის: 190 ბილბორდზე, 8 ლაითბოქსა და 22 ხიდზე. კომპანიას შეუძლია, ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განათავსოს გარე რეკლამის მცირე საშუალებები ერთდროულად არაუმეტეს 360 ერთეულისა.
შეგახსნებთ, რომ 2009 წელს, აუქციონის საფუძველზე, დედაქალაქში, მტკვარის მარჯვენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა თბილისის მერიამ „აუთდორ.ჯი“–ს გადასცა, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – „სმოდ ედვერთაისინგს“. როგორც ცნობილია, შპს „აუთდორ.ჯი“ 2014 წელს გაიყიდა და მისი მფლობელი „ვისოლ ჯგუფი“-ს შვილობილი კომპანია შპს „ალმა“ გახდა. თბილისში შპს „ალმა“ და „აუთდორ.ჯი“ ბაზრის 70%-ზე მეტს ფლობენ. რაც შეეხება „ალმას“, კომპანიაა გარე რეკლამის ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს.
ბაჩო ადამია