თბილისში, უზნაძის 14-ში, არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობის ადგილას ახალი მრავალფუნქციური სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსი შენდება. პროექტის მფლობელი შპს „ბეტა ჯგუფი“ Ibis-ის ბრენდის სასტუმროს 2022 წლის გაზაფხულზე გახსნის.
227 ნომრიანი სასტუმროსა და 133 სასტუმროს ტიპის აპარტამენტის მშენებლობას კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.
„პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, ამასთან ჩვენ ვქმნით ახალ ბრენდს, სახელწოდებით „კეპლერ 14“, ეს იქნება აპარტამენტების ბრენდი, ხოლო სასტუმრო იქნება Ibis Budget-ი. სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ სამუშაოები უკვე დაიწყო და რამდენიმე სართული უკვე დასრულებულია. თუმცა, სამწუხაროდ პანდემიის გამო, რაღაც პერიოდით გავჩერდით. ვცდილობთ, ტემპს არ ჩამოვრჩეთ და პროექტი დათქმულ ვადებში დავასრულოთ. ეს არის 2 წლიანი პროექტი, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიხსნება,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ განმარტავს „ბეტა ჯგუფის“ დირექტორი გიორგი ჯოხაძე.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა 18 მილიონ დოლარს შეადგენს. 227 ნომრიან სასტუმროსა და 133 ნომრიან აპარტამენტებს ემატება კომერციული ფართები პირველ სართულზე, 25 მანქანაზე გათვლილი პარკინგი და სივრცეები კაფე-რესტორნებისთვის. სასტუმრო კომპლექსი 16 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს.
მარიამ მორგოშია