თბილისსა და ქუთაისში ლოჯისტიკური ცენტრები აშენდება. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო.
როგორც მინისტრმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ლოჯისტიკური ცენტრების განთავსების აუცილებლობის შესახებ მსოფლიო ბანკის დახმარებით, ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ Dornier Consulting International კვლევა მოამზადა, რის შედეგადაც ლოჯისტიკური ცენტრების განსათავსებლად ორი ლოკაცია შეირჩა.
„კვლევის შედეგად გადაწყდა, რომ მსგავსი ლოჯისტიკური ცენტრები უნდა განთავსდეს საქართველოს ორ ლოკაციაში. ერთი ლოკაცია აირჩია თბილისთან ახლოს, კუმისის მიმდებარე ტერიტორია, მეორე ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია",- აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, მსგავსი ლოჯისტიკური ცენტრები საექსპორტო პოტენციალის ზრდას ხელს შეუწყობს.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ექსპორტი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. იმედი გვაქვს, რომ ეს ლოჯისტიკური ცენტრები მსგავს ექსპორტს და საექსპორტო პოტენციალის ზრდასაც შეუწყობენ ხელს",- განაცხადა გახარიამ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში უწყება ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს.
„უახლოეს პერიოდში ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადებს ღია ინტერესთა გამოხატვას ამ ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობის თაობაზე. თბილისთან განთავსებული ლოჯისტიკური ცენტრის საინვესტიციო ღირებულება შეფასებულია დაახლოებით 82 მილიონ დოლარად, ხოლო ქუთაისის რეგიონში განთავსებული ლოჯისტიკური ცენტრის ღირებულება შეფასებულია დაახლოებით 72 მილიონ დოლარად. ვხედავთ, რომ მასშტაბური პროექტებია, ვხედავთ, რომ ამ პროექტებს განსაკუთრებით რეგიონალურ ჭრილში ექნებათ ეკონომიკური განვითარების სერიოზული პოტენციალი და ენერგია, ამიტომ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებ, მიიღონ მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებამდე კვლევის გასაჯაროვება მოხდება, რომ ინფორმაცია ყველა მხარეს მიეწოდოს.
„ინვესტორებისგან დაინტერესება მუდმივად არის. იყო ძალიან დიდი მოლიდინი აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. კვლევა რამდენიმე დღეში საჯარო გახდება და ყველას შეეძლება მიიღოს ინფორმაცია. ველოდებით, რომ იქნება აქტიურობა. ეს პერიოდი, ვიდრე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება, საჭიროა იმისთვის, რომ კვლევა იქნეს მიწოდებული ყველა მხარესთან, რათა მოხდეს მისი გაცნობა და შემდგომში მიიღონ გადაწყვეტილება",- განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ლოჯისტიკის ცენტრების განვითარებაში სახელმწიფოც ჩაერთვება: " სახელმწიფოს გარეშე მსგავსი დიდი მასშტაბური პროექტი გამორიცხულია".