თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დირექტორის თეა ახალაძის განცხადებით, კლინიკა დღეს ცხელების ცენტრის ფუნქციას ასრულებს.
შესაბამისად, თეა ახალაძის განმარტებით, ცხელების მქონე პაციენტებს მათ კლინიკაში ამისამართებენ, შემდეგ კი ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირება ხდება.
ახალაძის თქმით, პაციენტები დადასტურებული დიაგნოზით უკვე ინფექციურ საავადმყოფოსა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაჰყავთ.
„თბილისის ზღვის ჰოსპიტალი არის 97 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა. დღეს ჩვენი კლინიკა არის ცხელების ცენტრი. შესაბამისად, ცხელებით პაციენტების გადმომისამართება ჩვენს კლინიკაში ხდება და ლუგარის ლაბორატორიის მიერ ანალიზების აღება ხდება.
დადასტურებული შემთხვევები გადადის ინფექციურ საავადმყოფოში და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ხოლო დაუდასტურებელი – მათი მართვა ნაწილობრივ ჩვენს კლინიკაში ხდება, ან გადამისამართება სხვა კლინიკებში“ , – განაცხადა თეა ახალაძემ.
ამასთან, თეა ახალაძის თქმით, გუშინ კლინიკაში 33 პაციენტი მიიღეს, მათ შორის მგზავრები აეროპორტიდან, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ახალაძის განმარტებით, კორონავირუსზე ტესტი სულ 23 პაციენტთან ჩატარდა, მათგან კოვიდინფექცია ექვსს დაუდგინდა. აღნიშნული ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ 170 შემთხვევაში შედის.
„გუშინ ჩვენს კლინიკაში შემოსული იყო 33 პაციენტი, რომელთაგან იყვნენ მგზავრები, რომლებიც აეროპორტიდან გადმოიყვანეს. საბედნიეროდ, არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა კორონას შემთხვევა.
გუშინ იყო აღებული 23 ანალიზი ლუგარის ლაბორატორიის მიერ და აქედან ექვსი შემთხვევა დადასტურდა, როგორც კორონას შემთხვევა, ერთ შემთხვევაზე კვლავ მიმდინარეობს კვლევა. კორონას დადასტურებული შემთხვევების გადამისამართება მიმდინარეობს სხვა კლინიკებში“ , – განაცხადა თეა ახალაძემ.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ 81 წლის ქალს, რომელიც გარდაიცვალა, თეა ახალაძის განმარტებით, ინფექციის დადასტურებისთანავე, აღნიშნული პაციენტი ზღვის ჰოსპიტალიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობდა.
„ჩვენს კლინიკაში დადასტურებული ყველა კოვიდ შემთხვევის გადამისამართება ხდება სხვა კლინიკაში. ამ პაციენტის დიაგნოზი როგორც კი დაისვა, ეს იყო მიზეზი, რომ ის გადაყვანილი იყო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ცხელების ცენტრი 30 მარტს გავხდით და აქედან მოყოლებული ხდება ცხელების მქონე პაციენტების შემოდინება. როგორც კი დადასტურდა შემთხვევა, გადაყვანილი იყო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. რაც შეეხება კლასტერს, ეს არის ეპიდემიოლოგების პრეროგატივა. შესაბამისად, ამ კვლევას არ ვახორციელებთ. ჩვენს კლინიკაში შემოყვანის დროს პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო, აღენიშნებოდა ტემპერატურა, პაციენტი მოთავსდა კრიტიკულ დეპარტამენტში, მოხდა ანალიზის აღება. შემდეგ როგორც კი კორონავირუსი დაუდგინა, გადაიყვანეს. ეს პაციენტი ჩვენთან შემოიყვანეს პირველ აპრილს. დღეს კიდევ ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, მზად გვაქვს სია, ვისაც უნდა ჩაუტარდეს ტესტი. რამდენი იქნება, ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად განისაზღვრება“ , – განაცხადა თეა ახალაძემ.
1tv