„თბილისის შემოვლითი რკინიგზა" - „უსარგებლო" პროექტიდან ახალ „ოფციამდე"

„თბილისის შემოვლითი რკინიგზა" - „უსარგებლო" პროექტიდან ახალ „ოფციამდე"

access_time2016-12-09 15:00:19

 

პროექტის ისტორია 2010-2016 წლები


„არსებობს ოფცია, რომ ეს პროექტი განახლდეს", - სწორედ ასე დააანონსა შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესაძლო განახლება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა გიორგი გახარიამ. „ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთული იყო ეს პროექტი. ვიცით, რომ საქართველოს რკინიგზას სპეციალურად ამ თემის შესწავლისთვის ჰყავდა დაქირავებული ორგანიზაცია, რომელმაც, როგორც ვიცით, მუშაობა დაასრულა და პროექტის მოდერნიზება მოხდა, რათა ის უფრო რეალურად შეესაბამებოდეს საქართველოს რკინიგზის და ქართული ტრანზიტის მოთხოვნილებებს. ჩვენ ვფიქრობთ, არსებობს ასეთი ოფციაც, რომ ეს პროექტი განახლდეს. გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული", - თქვა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში გამოსვლისას ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა, ახლა კი ეკონომიკის მინისტრმა.

 


როგორ დაიწყო „თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი", რა თანხა დაიხარჯა, რატომ შეწყდა და რა არგუმენტები არსებობდა, წლების განმავლობაში, ამ პროექტის წინააღმდეგ და სასარგებლოდ? - „კომერსანტმა" თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის ისტორიას გადახედა.

 

 

„თბილისის შემოვლითი რკინიგზის" პროექტზე მუშაობა 2009 წელს, მშენებლობა კი 2010 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო. „საქართველოს რკინიგზის" საიტზე პროექტის ოფიციალური აღწერა ასეთია - „სარკინიგზო ინფრასტრუქტურის თბილისის ცენტრიდან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გადატანით სატვირთო და სამგზავრო მატარებლები აღარ გადაკვეთენ თბილისის ცენტრალურ ნაწილს... პროექტი შეიცავს 30 კმ სიგრძის ახალი ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასა და არსებული 10 კილომეტრიანი ხაზის რეკონსტრუქციას. ახალი ხაზი გამოეყოფა არსებულ ხაზს ზაჰესთან, გაივლის ავჭალისა და გლდანის ტერიტორიებს, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობს და შეუერთდება კახეთის არსებულ რკინიგზის ხაზს სადგურ ლილოსთან... პროექტი ასევე გულისხმობს სადგურ «დიდუბესა» და სადგურ «ნავთლუღს» შორის მდებარე მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟს, რაც საერთო ჯამში, 73 ჰექტარი მიწის ნაკვეთს გამოათავისუფლებს... თბილისის ცენტრალური სადგური გაუქმდება, ხოლო «დიდუბისა» და «ნავთლუღის» სადგურებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სადგური «ნავთლუღი» მოემსახურება აღმოსავლეთი მიმართულების მგზავრებს, ხოლო სადგური «დიდუბე - დასავლეთ მიმართულების".

 

 

 

რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზის" მიერ გადაზიდულ ტვირთებსა და მოსახლეობის უსაფრთხოებას - თბილისის მჭიდროდ დასახლებული ცენტრალური უბნის გავლით ყოველწლიურად ათასობით ტონა ნავთობი და გადამუშავებული ნავთობპროდუქტები მოძრაობს. ტვირთი უშუალოდ საცხოვრებელი სახლების, კორპუსებისა და სკოლების სიახლოვეს გადის. დედაქალაქის ტერიტორიაზე გამავალი მოქმედი სარკინიგზო მონაკვეთი სატვირთო გადაზიდვების ძირითადი მაგისტრალია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და თურქმენეთს, საქართველოს გავლით, შავი ზღვის პორტებთან აკავშირებს.

 

 

 

დაფინანსება

 

თავდაპირველი ინფორმაციით, პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBღD) უნდა დაეფინანსებინა, თუმცა ამგვარი გადაწყვეტილება არ იქნა რეალიზებული და პროექტის დაფინანსებას „საქართველოს რკინიგზა" შეუდგა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი" (EBღD), რომელსაც სესხის სახით 100 მილიონი ევრო უნდა გამოეყო, პროექტს 2011 წელს გამოეთიშა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში" პროექტიდან გასვლის მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებდნენ.
„საქართველოს რკინიგზის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ 2011 წლის ბოლოს განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტის ღირებულება 170 მლნ ევრო იყო. ეზუგბაიამ მაშინ ისიც თქვა, რომ კომპანიამ ამ პროექტზე საკუთარი სახსრებიდან 140 მილიონი ლარი უკვე დახარჯა. ცნობისთვის, პროექტის სამშენებლო-საპროექტო სამუშაოებს ახორციელებდა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისა" და სს „ხიდმშენის" ერთობლივი საწარმო. 2010 წლის 14 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ცნობილია ისიც, რომ „საქართველოს რკინიგზამ" 980 მიწის ნაკვეთი გამოისყიდა, მათ მფლობელების საკომპენსაციოდ კი 22 მილიონ ლარზე მეტი თანხა გასცა.

 


 

რატომ შეჩერდა პროექტი?

 


თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი 2013 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, პროექტი ისე შეჩერდა, რომ მშენებლობის დასრულებამდე კიდევ ბევრი იყო დარჩენილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებდნენ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა მაშინ შეჩერდა, როდესაც ახალი რკინიგზის ხაზისთვის გვირაბებისა და ხიდების მშენებლობა უკვე დასრულებული იყო. იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა კი, პროექტს „უსარგებლო" უწოდა.

 

 


შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერების თაობაზე საქართველოს მთავრობამ განცხადება 2013 წლის აგვისტოში გააკეთა. იმავე წლის 5 დეკემბერს კი, იმჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შემსრულებლებს პროექტის დასახვეწად 3 წლიანი ვადა მისცა - „გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გაგრძელდეს კონტრაქტორთან პროექტი 2016 წლამდე და გადამუშავდეს პროექტი იმ სახით, რომელი სახითაც მისი ეკონომიკური მაჩვენებლები იქნება გაცილებით მისაღები. შესაძლებლობა არის, რომ შეიცვალოს პროექტი იმ სახით, იმ მოდიფიკაციებით, რა შემთხვევაშიც, გამტარუნარიანობაზე და რკინიგზის კომპანიის დანახარჯებზე სერიოზული ზეგავლენა აღარ ექნება ისეთი, როგორიც ჰქონდა არსებული სახით".

 

 

„საქართველოს რკინიგზისა" და ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადებების თანახმად, შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი კომპანია Mობილიტყ ჩონსულტანტს-ის კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები იყო. როგორც მაშინ „Mჩ Mობილიტყ"-ს კვლევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, პროექტის განხორციელების მოსალოდნელი შედეგების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ უარესდება როგორც საოპერაციო, ასევე მონაკვეთის მოვლა-შენახვის მაჩვენებლები, მცირდება გამტარუნარიანობა (სატრანზიტო სიმძლავრე). გარდა ამისა, პროექტის არსებული ვარიანტი იწვევს მაღალბიუჯეტიანი თანმდევი პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რაც ხარჯებში გათვალისწინებული არ არის.

 

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი ზაზაშვილმა, რომელიც 2009 წლიდან „საქართველოს რკინიგზაში" შემოვლითი რკინიგზის პროექტს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, სარკინიგზო მარშრუტის შერჩევის საწყის ეტაპზე არანაირი ეკონომიკური და კომერციული ეფექტიანობის კვლევა არ ჩატარებულა". გიორგი ზაზაშვილის განმარტებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტს ორი ძირეული ხარვეზი ჰქონდა - პირველი, რკინიგზის ახალი ხაზის სიგრძე, რომლითაც მთიან ტერიტორიაზე მძიმე ტვირთის გადაზიდვა უნდა მოხდეს, თითქმის ორჯერ იზრდება, 32კმ-დან 62კმ-მდე, რის გამოც მისი ექსპლუატაცია „უზარმაზარ" ხარჯებს მოითხოვს. კონსულტანტი კომპანიის (Mობილიტყ ჩონსულტანტს) დასკვნის მიხედვით, საოპერაციო ხარჯები 11 წლის განმავლობაში 126 მილიონი აშშ დოლარიდან 198 მილიონამდე გაიზრდება, ანუ ყოველწლიურად 6,5 მილიონი დოლარით; მეორე (ზაზაშვილის თქმით, ყველაზე სერიოზული) ხარვეზი კი ის არის, რომ ახალი შემოვლითი ხაზი რკინიგზის გამტარუნარიანობას 24 პროცენტით შეამცირებს.

 

 

„მოდიფიკაციის" პროცესი დასრულდა?

 

როგორც „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ 2015 წელს განმარტა, შემუშავებული იყო 3 ვარიანტი, რომელიც თბილისის მერიაში უკვე გადაგზავნილია. შესაბამისად პროექტი გადაწყვეტილებას უკვე დედაქალაქის მერიისგან ელოდებოდა.„საქართველოს რკინიგზამ" რამდენიმე ვარიაცია წარვადგინეთ. ველოდებით გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მიერ. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თბილისის მერია დედაქალაქის გენგეგმის შემუშავებაზე მუშაობს და ეს პროექტიც დროულად უნდა ჩაეწეროს ამ გეგმაში", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

2016 წლის აპრილში კი, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ რკინიგზის თბილისის გარეთ გადატანასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში გადაყვეტლება მიღებულია.

 

„გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და რკინიგზის გადატანა აუცილებლად მოხდება. თუ რა ფორმით მოხდება რკინიგზის გადატანა, ეს უკვე დამოკიდებულია გენგეგმის ჯგუფზე. არის სამი სცენარი და სამივე სცენარი ბევრად უფრო მომგებიანი და ბერად უფრო დამუშავებლია, ვიდრე მისი თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც შეიცავდა ხარვეზებს და ამიტომ მისი განხორციელება გარკვეული პერიოდი გადაიდო, თუ რომელი ვერსია შეირჩევა საბოლოოდ, უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, როცა პრეზენტირებას გააკეთებს გენგეგმის ჯგუფი.

 

არის ვარიანტი, რომელიც გულისხმობს რკინიგზის ლიანდაგების სრულიად გადატანას თბილისის გარეთ და არის ვარიანტი, რომელიც გულისხმობს ერთი ლიანდაგის დატოვებას თბილისის შიგნით, რომელიც ხარჯების კუთხით განსხვავებულია. ეს მალე გახდება ცნობილი", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

და ბოლოს, წლების განმავლობაში, „თბილისის შემოვლითი რკინიგზის" პროექტის მომხრე და მოწინააღმდეგე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა არგუმენტები ასეთია:

 

 

არგუმენტები შემოვლითი რკინიგზის სასარგებლოდ

 

 შემოვლითი რკინიგზის პროექტის ორი მესამედი დასრულებულია;

 

 ფეთქებადსაშიში ტვირთის ქალაქგარეთ გადატანით იზრდება ქალაქში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების დონე;

 

 მცირდება გარემოს დაბინძურება და ხმაური, რაც აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების დონეს;

 

 პროექტის ფარგლებში უკვე დაიხარჯა 213 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (პროექტის ბიუჯეტის 65 პროცენტი);

 

 თბილისის ცენტრში თავისუფლდება სარკინიგზო ინფრასტუქტურის მიერ დაკავებული ტერიტორია, რომელიც ურბანული განვითარებისთვის იქნება გამოყენებული;

 

 გამოთავისუფლებული ტერიტორიის ურბანული განვითარება ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებას.

 

 

არგუმენტები რკინიგზის მშენებლობის წინააღმდეგ

 

 შემოვლითი რკინიგზა ქალაქში გამავალ ხაზზე გრძელია, რაც ზრდის მის საოპერაციო ხარჯებს;

 

 პროექტის დასასრულებლად დამატებით 137 მილიონ აშშ დოლარზე მეტია საჭირო;

 

 რკინიგზის ახალ მონაკვეთზე მატარებლებისთვის დამატებითი ძრავის დამონტაჟების საჭიროება ამცირებს ხაზის გამტარუნარიანობას;

 

 ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლებული ტერიტორიის ღირებულება შესაძლოა მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები იყოს.

 

 


ავტორი: "კომერსანტი"



საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...


მსგავსი სიახლეები

up