სტუმრების გარეშე დარჩენილი თბილისის სასტუმროები დახურვის პირას არიან. როგორც „კომერსანტს“ IOTA HOTEL-ის გენერალურმა დირექტორმა დავით კუპრაშვილმა განუცხადა, საზღვრების ჩაკეტვამ სასტუმროს მუშაობა თითქმის 100%-ით შეაჩერა.
„თბილისის სასტუმროები თითქმის გაჩერდა. ალბათ რეზორტებმა და ქალაქგარეთ დასასვენებელმა სასტუმროებმა იმუშავა, თუმცა ჩვენს სასტუმროს საერთოდ არ უმუშავია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სულ სხვა სიტუაციაა, მომხმარებლების დაახლოებით 100 %-იანი კლებაა.
თითქმის არავინ შემოდის, მაქსიმუმ 1-2 ადამიანი თუ მოვა. 90-დან ახლა 3 ნომერი გვაქვს დაკავებული. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, „სტაფი“ შესანარჩუნებელი გვყავს. რაც რეზერვი გვქონდა დაგროვებული ყველაფერი დავხარჯეთ, წინასწარ არაფერი ვიცით და გაურკვევლობაში ვართ. ისიც აღარ ვიცით ფრენები რომ აღდგეს საშიშია თუ არა.
თუ პანდემია გაგრძელდება დედაქალაქში არსებული სასტუმროებიდან ალბათ ყველა დაიკეტება. ტურისტებით იყო სავსე თბილისი და ტურისტი თუ არ შემოვიდა სხვა გზა არც არსებობს.
იმედია შემდეგ წელს უკვე აღდგება ყველაფერი და პანდემიაც დამთავრდება. მაგრამ წელს რაღაცნაირად უნდა გავუძლოთ, რაშიც დახმარებაც გვჭირდება. მთავრობა კი დაგვეხმარა - ქონების გადასახადი არ გადაგვახდევინა და საშემოსავლო ოქტომბრამდე გადაგვიწია, მაგრამ ახლა ალბათ კიდევ გადაწევენ, თორემ ამასაც ვერ გადავიხდით.“ - განმარტავს დავით კუპრაშვილი
დავით კუპრაშვილის განცხადებით თუ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები კიდევ დიდი ხნით გაგრძელდება, სასტუმრო საკუთარ თავსაც ვეღარ შეინახავს, რადგან მათ ხელში არსებული მარაგები საყოველთაო კარანტინის პირობებში უკვე მთლიანად ამოწურეს.
„ახალი წლის მერე ალბათ აღდგება. ახალ წლამდე ისედაც დაბალი სეზონი იყო ხოლმე და თანდათან ეცემოდა დატვირთულობა. ახლა რომც გახსნან მაინც ცოტა ტურისტი ჩამოვა.
ჩვენი სასტუმრო ფაქტიურად ვეღარ უძლებს ამ სტრესს. ჩვენ კიდევ რესტორნები გვაქვს, რომლებიც ადგილობრიც მომხმარებელზე მუშაობენ და ეს რაღაცით გვეხმარება „სტაფის“ შენახვაში. ძაან ცუდად, მაგრამ სამუშაო პერსონალის გარკვეულ ნაწილს ვინახავთ.
5 თვე მთელი „სტაფი“ შევინახეთ, რაც გვქონდა დანაზოგი, გადავუხადეთ 30-30% ყველას. მინიმუმი არის 300 ლარი, ამაზე ნაკლები ჩვენ არ გადაგვიხდია. გაურკვევლობისას, ძალიან მძიმე პერიოდი როცა იყო და არ ვიცოდით რა მოხდებოდა, ეს ფული სულ დავხარჯეთ. ახლა ფული უკვე აღარ გვაქვს, მაგრამ რესტორნების რაღაც ნაწილი, რომლებიც მუშაობენ ხალხის შენახვაში გვეხმარება.
5 თვის გასვლის შემდეგ გვეგონა რაღაც მოხდებოდა, საზღვრებიც გაიხსნებოდა და სტუმრებიც შემოვიდოდნენ, თუმცა ასე რომ არ მოხდა ვეღარ გავუგრძელეთ ხელშეკრულებები და სამუშაო პერსონალი 30-40%-ით შევამცირეთ.“ - აღნიშნავს დავით კუპრაშვილი
ანი ცარციძე