თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომლებმაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
გიორგი ტყემალაძე თბილისის წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა.
საკრებულოს სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესი წევრი ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
საკრებულოს შემადგენლობის უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს 29 დეპუტატით, 21 დეპუტატი კი ოპოზიციური პარტიებიდან არის. მათ შორის, 13 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ოთხი- პარტია „საქართველოსთვის“, ორი-„ლელოდან“, ერთი კი, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენელია.
1tv.ge