ნაგვის გადამზიდი მანქანებიდან გამონადენი სითხით თბილისის ქუჩების დასვრის პრობლემებზე თბილისის საკრებულოში დღეს, 9 აგვისტოს ისაუბრეს. ეს პრობლემა გარეუბნების არაერთ ქუჩაზე ყოველდღიურად იჩენს თავს - ურნები ტროტუარებთან და ავტობუსის მოსაცდელებთან ახლოს დგას, ნაგვის გადასაყრელად მისული მანქანები, რომლებიც დაზიანებულია, კონტეინერების დაცვლის დროს გზის სავალ ნაწილს აბინძურებენ. ამ მიზეზით ზაფხულის ცხელ დღეებში დგება სუნიც.
პრობლემების შესახებ ინფორმირებული არიან თბილისის საკრებულოებში მაჟორიტარები. ამის შესახებ მოსახლეობა მათ „ფეისბუკის“ დახურული ჯგუფებითაც ატყობინებს. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გლდანის რაიონის მაჟორიტარმა, კონსტანტინე ზარნაძემ თქვა, რომ პრობლემა მასაც აწუხებს.
„მეც ძალიან მაწუხებს ეს საკითხი და დაგეთანხმებით, რომ ეს პრობლემები ნამდვილად არსებობს. მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალი კვირიდან მოხდება ახალი ტექნიკის პრეზენტაცია ამ პრობლემას გადაწყვეტს. ეს პრობლემა გამოიწვია რამ: იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობა სამშენებლო ნაგავს ყრის ურნებში, რომელიც არის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის, ეს თავსდება ტექნიკაში და ფუჭდება. როდესაც ზაფხულის დღეებია, უფრო მეტი ხილის იყენებს მოსახლეობა - საზამთროს, ნესვის წვენი. იქედან გამომდინარე, რომ ტექნიკა დაზიანებულია, ხდება ქუჩაში მიედინება. მე იმედი მაქვს, რომ ახალი ტექნიკით ეს პრობლემა მოგვარდება“, - თქვა კონსტანტინე ზარნაძემ.
„თბილსერვის“ ჯგუფში, რომელსაც თბილისის ქუჩების დასუფთავება და ნაგვის გადაყრა ევალება, ამბობენ, რომ ახალი სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკა კომპანიას უკვე შეძენილი აქვს, რაც უახლოეს დღეებში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს პრობლემებს მოუგვარებს.