თბილისის მერიის იაფი სესხის ხელმისაწვდომობის პროექტი შეჩერებულია.
როგორც „კომერსანტს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, პროგრამას თავის დროზე ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური ახორცილებდა. შემდეგ კი ეს ფუნქცია გადაეცა მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაუქმდა. მერიის იაფი სესხის ხელმისაწვდომობის პროექტი სწორედ თბილისის მეწარმეობის ცენტრის გაუქმებასთან ერთად შეჩერდა.
როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტისთვის განკუთვნილი წლევანდელი რესურსი ცენტრმა ამოწურა. კონკრეტულად, რამდენი და რა ოდენობის სესხი გაიცა, მერიაში არ აკონკრეტებენ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ პროექტი მომავალი წლიდან ისევ ამოქმედდება და მას ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, რომელიც რეორგანიზაციამდე ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის სახელწოდებით ფუნქციონირებდა.
იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტი თბილისის მერიის პროგრამის „მეწარმეობის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდებოდა და მეწარმეებს სესხის 6%-ად აღების საშუალებას აძლევდა.
გასულ წელს პროექტის ფარგლებში ორი მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა, ესენი იყო სასტუმროები „ციტრუსი“ და „ძველი მეიდანი“.
სასტუმრო „ძველმა მეიდანმა“ თბილისის მერიის მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 6%-იანი სესხი, 980 000 ლარი, 2014 წლის დეკემბერში მიიღო. აღნიშნული თანხით მოხდა შენობის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა. სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთო ჯამში 3 მლნ-მდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ოთხვარსკვლავიან სასტუმრო "ციტრუსში" კი სასტუმროს მშენებლობაზე 3,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიან ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის პროექტის პარტნიორები იყვნენ ბანკები: "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "ლიბერთი ბანკი", "ბაზისბანკი", ასევე მოგვიანებით პროგრამაში ჩართვნენ "კორსტანდარტ ბანკი", "ვითიბი ბანკი", "რესპუბლიკა ბანკი“ და "ქართუ ბანკი".
იაფი სესხის მისაღებად მეწარმემ მერიაში უნდა წარედგინა საპროექტო განაცხადი და აერჩია პარტნიორი ბანკი. განაცხადს შესაბამისი სამსახური განიხილავდა და დასამტკიცებლად მეწარმის მიერ არჩეულ ბანკს გადაეგზავნებოდა. ბანკის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, მერია პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილებას იღებდა. თანხა მთლიანად მერიის ბიუჯეტიდან გაიცემოდა და წლიურ განაკვეთს - 6%-ს, ბანკი მომსახურებისთვის იღებდა. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა 5 წელი იყო და მსესხებელი განთავისუფლებული იყო ყველანაირი დამატებითი გადასახადისგან (დამტკიცების, გაცემის და სხვა საკომისიოები).