„მშენებლობისას მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარებას დედაქალაქის მთავრობა წაახალისებს“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქში აქტიური უნდა გახდეს „მწვანე სახურავების“ თემა, შესაბამისად, მისი თქმით, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით – დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან.
დავით ნარმანიას თქმით, დარეგულირდება ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები.
ამასთან, დედაქალაქის მერის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას შექმნის, შეიცვალოს წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება ისედაც მჭიდრო დასახლებებში.
დავით ნარმანიას თქმით, ქალაქის ქაოტური განაშენიანებისა და დაურეგულირებელი მშენებლობების წინააღმდეგ მერია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შევა და დოკუმენტი, თბილისის მერის განცხადებით, საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.
საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებამდე შეიზღუდება, გენ. გეგმის საბოლოო ვარიანტში კი, დავით ნარმანიას განცხადებით, დადგინდება ქალაქის განაშენიანების ცივილური წესები, რაც დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს.
რაც შეეხება სხვა უბნებს, დროებითი შეზღუდვა მათ არ შეეხება, რათა გარეუბნებს განვითარების საშუალება მიეცეს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თბილისის გამწვანებაა და ამ მიმართულებითაც ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, კერძოდ, იმ გამწვანებულ ტერიტორიებზე (სკვერები, ბაღები), რომლებიც საცხოვრებელ ზონებში ხვდება, განაშენიანება შეიზღუდება. ასევე, კონკრეტული უბნების განვითარებისას, შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმები, რაც იქნება კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ.
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება ევროპის ქალაქების აქტუალური პრობლემაა. ამიტომ ევროპულ ქალაქებში მწვანე სახურავები სულ უფრო ხშირად გვხვდება. ამ პროცესის ერთერთი ლიდერი გერმანიაა.
სახურავების გამწვანება ემსახურება სითბოს დამატებით იზოლაციას და ასევე მზისგან დაცვას. გერმანიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 15 კვადრატული მეტრის ბალახს შეუძლია 100 ადამიანის ჟანგბადით უზრუნველყოფა.
მსოფლიოში “ბოსტნეულის სახურავებიც“ კი არსებობს, რომლებზეც ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ.