თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისათვის კლინიკაში მკურნალობის კურსს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი გადის. მათგან ერთის მდგომარეობაა კრიტიკული:
„არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად ისევ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, სტაბილურია და უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან მძიმე პნევმონიით აღარ განიხილებიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, ასეთი პაციენტების რაოდენობა 6-იაა. მისი თქმით, მათ გარდა 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს და პროგნოზულად ყველა კეთილსაიმედო უნდა იყოს.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გრძელდება ასევე პაციენტების ტესტირება გამოჯანმრთელების დასადგენად:
„გუშინ რამოდენიმესთან მიღებული იყო უარყოფითი პასუხი და დღეს ვნახოთ დღის მეორე ნახევარში როგორი სიტუაცია გვექნება“, - უთხრა მედიასაშუალებებს მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 38.
რადიო თავისუფლება