თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟენევა-სტამბოლი-თბილისის რეისით დღეს დილით ჩამოფრინდა ქალი, რომელსაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და ტემპერატურა 38,1 დაუფიქსირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ქალი ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი, თუმცა მის შემთხვევაში კორონავირუსი არ განიხილება.
„დღეს, დილით, აეროპორტში ჩამოფრინდა ქალბატონი ჟენევა-სტამბოლის რეისით, რომელიც წამოსული იყო ჩინეთიდან. თერმოსკრინინგი ჩატარდა, დაფიქსირდა ტემპერატურა 38.1. ეს ქალი მაშინვე გაიყვანეს საიზოლაციო სივრცეში, სადაც 37,5 ტემპერატურა აღენიშნა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჩინეთში, დუჯანიანის პროვინციაში, ქალაქ ჩენდუსთან 40 კილომეტრში მასწავლებლად მუშაობდა. ჩენდუ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, ქალაქ უხანიდან 1000 კილომეტრითაა დაშორებული. ეზუგბაიას განცხადებით, 25 წლის ქალმა ჩენდუ 20 იანვარს დატოვა.
„როდესაც მან პროვინცია დატოვა, მაშინ ამ პროვინციაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებული არცერთი შემთხვევა არ იყო. როცა ტერიტორია დატოვა, 2 კვირის განმავლობაში შვეიცარიაში იმყოფებოდა, ამ პერიოდში გამოვლინდა იმ პროვინციაში შემთხვევების მცირე რაოდენობა. დღეს დილით უკვე ჩამოფრინდა ჟენევიდან სტამბოლის გავლით ჩვენთან“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
Imedinews