თბილისის 20 საპატიო მოქალაქე დაჯილდოვდა

თბილისის 20 საპატიო მოქალაქე დაჯილდოვდა

access_time2022-10-02 22:45:26

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.  ახალი სტატუსი 20-მა საპატიო თბილისელმა მიიღო.

 

„მივესალმები თბილისს - ჩვენს მუდამ თანამედროვე, მოდერნისტულ, ახალგაზრდულ და რაც მთავარია, უძველეს დედაქალაქს, რომელიც უკვე 16 საუკუნეა ქმნის  თბილისური ცხოვრების, სიყვარულის, ტოლერანტობის, მეგობრობის, კულტურის საოცარ ისტორიებს. მივესალმები ჩვენს თანაქალაქელებს. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ თანამოქალაქეებს. ჩემო თბილისელებო, თქვენ ხართ თბილისის დღევანდელობა, მისი სახე და ანარეკლი. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქალაქის განვითარება და წინსვლა. მე, როგორც დედაქალაქის მერი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და განვითარებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:

 

1.         შალვა ამირანაშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, დღემდე აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო საქმიანობას. ბატონი შალვა გახლავთ პედაგოგ–ნოვატორი; ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია და სახელმძღვანელო.

 

2.         ყველასთვის საყვარელი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი,  საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი - თენგიზ არჩვაძე.  ბატონმა თენგიზმა ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა. ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თენგიზ არჩვაძეს მინიჭებული აქვს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება; ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

ყველაზე დიდი ჯილდო მაინც ის სიყვარულია, რომელსაც ბატონი თენგიზი მისი მაყურებლისგან გრძნობს და იღებს.

 

3.         „სიყვარულისთვის კარგო, ჩვენ მხოლოდ სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!“ - ცნობილი პოეტი და მთარგმნელი, ტარიელ ჭანტურია, არაერთი პოეტური კრებულის, საბავშვო ლექსების კრებულის, კრიტიკული წერილებისა და თარგმანების ავტორია. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე. ბატონი ტარიელი არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

 

4.         საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, წმინდა გიორგისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი, ლეგენდარული კინორეჟისორი, ელდარ შენგელაია  -ადამიანი, რომლის შემოქმედებას ტაშს უკრავს მსოფლიო, მისი კინოფრაზებით საუბრობს მთელი საქართველო. ვფიქრობ, ზედმეტია ჩამოვთვალო ფილმები, რომლის რეჟისორიც ბატონი ელდარი გახლავთ. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი, გადავცე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

 

5.         მერაბ კოკოჩაშვილი - საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი. მას გადაღებული აქვს არაერთი მხატვრული ფილმი; მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზები. ბატონი მერაბი წლების განმავლობაში, იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის პედაგოგი, კინოს ენისა და სტრუქტურული კვლევის ლაბორატორის ხელმძღვანელი.

 

6.         საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე - მას  შესრულებული აქვს მთავარი როლები მრავალ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ მხატვრულ ფილმში. ბატონ ჯემალს მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები. მას მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

 


7.         მინდია უგრეხელიძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იგი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. მინდია უგრეხელიძეს მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია, უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლის წოდება, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი.

 

8.         პოეტი ვახტანგ ჯავახაძე -  არაერთი პოეტური კრებულის ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე; არის შოთა რუსთაველის სახელობის, „საბასა“ (ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის) და გალას (ნომინაციაში: „წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი“) პრემიების ლაურეატი. ასევე, მიღებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია. ბატონი ვახტანგის სახელი მაინც ყველაზე მეტად გალაკტიონთან და „უცნობთან“ ასოცირდება.

 

9.         თბილისი ყოველთვის გულით ესალმება კაცს, რომელსაც „თბილისის ქუჩებში ხეტიალი უნდა“ - ჯემალ სეფიაშვილი, კომპოზიტორი, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ფედერაციის წევრი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.  მის სახელს უკავშირდება არაერთი საავტორო კონცერტი, გამოშვებული აქვს სიმღერების ათი ალბომი.

 

10.       და მაინც, ალბათ არავის უხეტილია  თბილისის ქუჩებში იმდენი, რამდენიც ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას -  რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთა“ ლაურეატი, არაერთი ფოტოკრებულისა და  წიგნის ავტორი, საქართველოსა და თბილისზე 18 საიმიჯო ალბომის ავტორი და გამომცემელი. გამომცემლობა „პალიტრა ლ“-თან ერთად, იგი არის  პროექტ „ჩემი საქართველოს“ იდეისა და ფოტოების ავტორი. მის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლა მსოფლოს სხვადასხვა ქალაქებმა. არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.

 

11.       თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა გურამ ბექაიას - ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივ. ბერიტაშვილის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი. აზერბაიჯანის, სომხეთის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდიუმის და ჩეხეთის პურკინიეს საზოგადოების საპატიო წევრი. ბატონი გურამი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მას მინიჭებული აქვს ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

 

12.       ილია ხეროდინაშვილი - საქართველოს ენერგეტიკის დარგის, გაზის სექტორის მოღვაწე, გაზის გამანაწილებელი სისტემების ზოგადი თეორიის ფუძემდებელი, ახალი ტექნოლოგიების, საქართველოს გაზის მეურნეობის განვითარების კონცეფციის ავტორი. ბატონი ილია საქართველოს გაზის დარგში პირველი მეცნიერებათა აკადემიური დოქტორია. იგი გახლავთ 32 გამოგონების და 98 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. არის საერთაშორისო (აშშ-ს) ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი, ასევე, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი. ილია ხეროდინაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

 

13.       ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი, თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლის დირექტორი. ქალბატონ ლაურას დამსახურებით, შიქმნა ძლიერი საგანმანათლებლო კერა. 65-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში, მან აღზარდა ასამდე მუსიკოსი, რომლებიც დღემდე წარმატებით აგრძელებენ აქტიურ  პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ქალბატონი ლაურა დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, მინიჭებული აქვს რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის საპატიო წოდება.

 

14.       ინჟინერ-მშენებელი რევაზ ასათიანი - მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები საქართველოს არაერთ კურორტზე. მისი მონაწილეობით განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია. ბატონი რევაზი იყო ვოკალურ ანსამბლ „თბილისის“ წევრი. იგი დღემდე საქმიანობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არის ორი გამოგონებისა და სამეცნიერო შრომების ავტორი; მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში; დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

 

15.       არქიტექტორი, პედაგოგი ვახტანგ დავითაია - შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ბატონი ვახტანგი არის არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო წევრი;  იგი არის 160-მდე სამეცნიერო სტატიისა და 250-მდე პროექტის ავტორი; მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია, მათ შორის არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს  პრემიები.

 

16.       მაია გოთუა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. ქალბატონი მაია  არის საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მოლეკულური ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელის (INUNIMAI) კოორდინატორი, ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიისა ( EAACI) და ევროპის რესპირაციული საზოგადოების (ERS) აქტიური წევრი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული აკადემიური და პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამაში ევროპაში, ამერიკის შეეერთებულ შტატებში, აზიასა და სხვა ქვეყნებში.

 

17.       თბილისი მრავალეროვანი და მრავალეთნიკური ქალაქია. სწორედ ესაა მისი განსაკუთრებულობა და სიძლიერე, მისი კულტურის და ისტორიის საფუძველი. მინდა, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება გადავცე ბატონ ვან ბაიბურთს, რომელიც სომხურ ენაზე გამომავალი გაზეთით ემსახურება საქართველოს და თბილისს. ბატონი ვანი არის გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს სომეხთა კავშირის  თავმჯდომარის მოადგილე,  საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობის წევრი. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით საქართველოში ჟურნალისტიკის განვითარებისა და ქართულ-სომხურ ურთიერთობაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

 

18.       საპატიო თბილისელის წოდება გადაეცემა თბილისში დაბადებულ აზერბაიჯანელ პოლიტიკოსს და დიპლომატს, ჰასან აზიზ ოღლი ჰასანოვს. იგი არის აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ბატონი ჰასანი სხვადასხვა წლებში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთის რესპუბლიკაში; ასევე, იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში.

 

19.       თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მინდა გადავცე ელიზაბეტ სომბარს, ფრანგ მუსიკოსსა და პიანისტს, რომელსაც ქართული ფესვები აქვს. ელიზაბეტს, ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ჩაწერილი აქვს ბეთჰოვენის, შოპენისა და მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები; გამოშვებული აქვს 20-ზე მეტი მუსიკალური დისკი. ის არის საფრანგეთის ღირსების ორდენისა და ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში განსაკუთრებული ღვაწლისთვის ორდენის კავალერი.

 

20.       და ბოლოს, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ადამიანს, რომელიც იქცა მსოფლიო მოდის ერთგვარ გამოწვევად.  დემნა გვასალია - ქართველი დიზაინერი, ადამიანი, რომელმაც მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი და მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დემნა მოდის სახლ „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია. სხვადასხვა წელს მუშაობდა ისეთ მოდის სახლებში, როგორებიცაა: Louis Vuitton, Vetements. არის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს (CFDA Awards) მფლობელი.

 

მინდა, თითოეულ მათგანს მივულოცო თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება და ვუსურვო წარმატებები ჩვენი ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ გილოცავთ „თბილისობას“, რომელიც არ არის მხოლოდ ქალაქის დღე. „თბილისობა“ არის დღესასწაული, სადაც ყველაზე კარგადაა გამოხატული თბილისის ხასიათი, მისი მრავალფეროვნება, სიჭრელე, სტილი და მიზანდასახულობა - იყოს მუდამ გამორჩეული ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

დედაქალაქის მერმა თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.





ცვლილებებზე მთავრობას საბანკო სექტორთან კონსულტაციები არ ქონია - საქართველოს საბანკო ასოციაციის პირველი კომენტარი

ცვლილებებზე მთავრობას საბანკო სექტორთან კონსულტაციები არ ქონია - საქართველოს საბანკო ასოციაციის პირველი კომენტარი
access_time2022-12-05 16:25:35
საქართველოს საბანკო ასოციაცია მთავრობის მიერ `დაანონსებულ „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პირველ კომენტარს „კომერსანტთან“ აკეთებს. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ აღნიშნა, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობას ასოციაციასთან კომუნიკაცია არ ქონია. მისივე განმარტებით, ვიდრე ასოციაცია საკანონმდებლო ინიციატივას არ ნახავს და არ მოსმენის რა გათვლები აქვთ მთავრობას, მანამდე ვერც თავად გააკეთებს გარკვეულ გაანგარიშებებს აღნიშნული ინიციატივის ფინანსურ თუ ფისკალურ...

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
access_time2022-12-05 15:20:03
სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების...

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი "ნიკორას" ობლიგაციებში ჩადო

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი
access_time2022-12-05 14:30:36
“ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია (ანუ 3,5 მლნ ლარი) საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც "ნიკორას" საშუალებას აძლევს, სავალუტო...

მთავრობის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად - გიორგი კეპულაძე ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე

მთავრობის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად - გიორგი კეპულაძე ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე
access_time2022-12-05 16:00:59
საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის გაძვირებას მთავრობის მხრიდან პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საზოგადოება და ბანკები“. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, მოგების გადასახადის 15-დან 20%-მდე ზრდას ბანკებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური გავლენა არ ექნება. გიორგი კეპულაძე პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მას არც მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი...

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.      პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.     ირაკლი ღარიბაშვილმა...


მსგავსი სიახლეები

up