თავისუფლების მოედანზე, პუშკინის N 17-ში, რკინის ცნობილი კონსტრუქციების მრავალფუნქციური კომპლექსით ჩანაცვლების პროცესი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ განახლდება. უკვე რამდენიმე წელია დედაქალაქის ცენტრში რკინებით შემოსაზღვრული ნაგებობის იერსახე არ იცვლება, თუმცა, მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის ავტორი, შპს „STUDIO 9”-ს დირექტორი ზურაბ წიკლაური „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობდა და დაწყებული იყო რკინის კონსტრუქციების მოშორებაც.
როგორც ცნობილია, პუშკინის N 17-ში მრავალფუნქციურ კომპლექსის ესკიზი შეთანხმებულია და პროექტის დამკვეთი საინიციატივო ჯგუფია, რომელიც ადგილზე კომერციული და საოფისე ფართების მოწყობას გეგმავს.
„ახლა, როგორც ყველაფერი გაჩერდა, ისე დაპაუზდა ეს მშენებლობაც. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ინტენსიურად მიდიოდა პროცესები, გაიცა რკინების მოშორების ბრაძანებაც. პროექტის ესკიზი შეთანხმებულია, დანარჩენი დოკუმენტაციაც მომზადებული გვაქვს. მაგრამ უამრავი შეფერხება გაჩნდა პანდემიის გამო და ახლა შევაჩერეთ. დამკვეთიც ამ ეტაპზე ელოდება სიტუციის შეცვლას. რაც შეეხება დამკვეთს, ძირითადად, ჩვენ კომუნიკაცია საინიციატივო ჯგუფთან გვქონდა, რომლებმაც უნდა დააფუძნონ კომპანია. როგორც კი დაიწყო პანდემია, გვითხრეს, რომ პროცესი შეჩერდება, სანამდ სიტუაცია არ დასტაბილურდება.“- განმარტავს ზურაბ წიკლაური.
შპს „სტუდია 9“-ის დირექტორი ზურაბ წიკლაური აცხადებს, რომ შენობა მოიცავს სავაჭრო ცენტრს, ასევე ოფისებს და სხვა კომერციულ ფართებს.წიკლაური ობიექტის დასრულების კონკრეტულ ვადებს ვერ აკონკრეტებს.
მარიამ მორგოშია