ტელეკომპანია მთავარი “არხის ეთერში” "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალიდან, სადაც შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავთ აყვანილი, ახალგაზრდა კაცმა დარეკა. მან თქვა, რომ იგი ირაკლი კვარაცხელიაა, ერთ-ერთი მძევლებს შორის.
მისი თქმით, შენობაში 19 პირი იმყოფებოდა. ვიდეოზარის დროს ჩანდა იატაკზე მსხდომი ქალები და კაცები და ასევე სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული. ირაკლი კვარაცხელიამ ეთერში განაცხადა, რომ გამტაცებელი "კბილებამდე შეიარაღებულია", ავტომატით, პისტოლეტით, აქვს ყუმბარაც, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცავი რგოლი და უჭირავს ხელში.
საუბრის დროს ირაკლი კვარაცხელიას გვერდით კადრებში ჩანდა გამტაცებელიც. სამხედრო ფორმაში ჩაცმული, შეიარაღებულ კაცი, რომელიც საუბრისას კადრებში ჩანდა, პერიოდულად მძევალს თავის სათქმელსაც ჰკარნახობდა.
მისი თქმით ის 500 ათასი დოლარის მიღებასა და ადგილის უსაფრთხოდ, დატოვებას ითხოვს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.
"მე ვიძლევი მაგის [უსაფრთხოების] გარანტიას იმ შემთხვევაში, თუ ძალოვანები არ ჩაერთვებიან ძალის გამოყენების კუთხით", - ისმოდა, სავარაუდოდ, გამტაცებლის ხმა.
ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ირაკლი კვარაცხელია შეიარაღებული მამაკაცის მითითებით ტელეფონით არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა.
შსს ადასტურებს ბანკში მძევლების აყვანის ფაქტს. ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცი ბანკის შენობაში დაახლოებით 14 საათისთვის შეიჭრა, შენობაში მყოფ თანამშრომლებს და მოქალაქეებს დაჩოქება მოსთხოვა და რამდენჯერმე გაისროლა. თავდამსხმელმა მძევალთა ნაწილი ბანკში შეჭრისას გაათავისუფლა, ისინი სამართალდამცველებმა ტერიტორიას გაარიდეს.
radiotavisufleba.ge