თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ საავიაციო უნივერსიტეტის ხუთ სტუდენტს სწავლის გადასახადის დასაფინანსებლად TAV-ის სტიპენდია გადასცა.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს, TAV Georgia-ის ხელმძღვანელობამ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს XX საუკუნის თბილისის აეროპორტის ფოტოისტორიის გამოფენა, რომელიც ავიაციის დღესთან დაკავშირებით გაფრენის ტერმინალში მოეწყო. TAV Georgia საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ყოველწლიურად უნივერსიტეტის ათობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ასაქმებს.
TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა საავიაციო სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს სამოქალაქო ავიაციის დღე მიულოცა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით 1994 წლიდან აღინიშნება.