DMO Imereti-ის ხელმძღვანელის, ტატო ლილუაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შიდა ტურიზმმა უფრო ორგანიზებული სახე მიიღო.
მისივე თქმით, ტურისტული კომპანიები უკვე გეგმავენ შიდა ტურებს იმერეთში, რის ორგანიზებაშიც მათ DMO Imereti აქტიურად ეხმარება.
„რა თქმა უნდა, შიდა ტურიზმს მეტი ყურადღება დაეთმო მდგომარეობიდან გამომდინარე. ტურისტული კომპანიები უკვე გეგმავენ შიდა ტურებს. მოგვმართავენ, რომ დავეხმაროთ იმერეთის ტურების დაგეგმაზე, დაინტერესება გაიზარდა და ძალიან სასიამოვნოა, რომ შიდა ტურიზმმა ორგანიზებული სახე მიიღო.
გვაქვს ურთიერთობა გიდებთან, კერძო სექტორთან, ტურისტულ კომპანიებთან, ღვინის მარნებთან, შენდება ასევე ახალი მარნები, სასტუმროები, რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა ქუთაისში წელს დასრულდა. 58 ღვინის მარანი გვაქვს იმერეთში, იზრდება მათი რაოდენობაც და ემზადებიან ტურისტებისთვის.
რაც შეეხება ფრენებს, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქუთაისისთვის და რა თქმა უნდა, აღდგება. ხვალ ქუთაისის აეროპორტი შეზღუდვების შემდეგ პირველ რეისს ათენიდან მიიღებს და შემდეგ კიდევ დაემატება. როგორც ვიცი, ვიზიარმაც გამოთქვა მზადყოფნა, რომ როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, ფრენებს აღადგენს. ასე რომ, ჩვენი აეროპორტი დამატებული ტერმინალებით იქნება სრულიად დატვირთული და გაცილებით მეტ ტურისტს და მოგზაურს მივიღებთ, ვიდრე გვყავდა გასულ წელს, - განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.
imedinews.ge