ბოლო წელიწადნახევარში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაყიდვები კომპანიებს დაახლოებით 60%-ით შეუმცირდათ. საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-ს ინფორმაციით, მინიმალურ დონეზეც არ მუშაობს ონლაინ გაყიდვები, მოთხოვნამ იკლო, ხოლო ფასები 20%-ის ფარგლებში გაიზარდა, რაც განპირობებულია როგორც ლარის კურსის ცვლილებით, ისე გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებით. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელმა დავით ჩხეიძემ განაცხადა.
,,გაყიდვების ყველაზე დაღმავალი ტრენდია. რეალიზაციამ იკლო და ის სტრატეგიული გეგმები, რაც კომპანიებს ჰქონდათ, დროებით შეჩერებულია. პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, იმპორტი მინიმუმ 60%-ით შემცირდა. ბაზრიდან ბრენდების გასვლა არ მომხდარა, მაგრამ ახალი პროექტები თითქმის შეჩერებულია. ევროპაშიც არ არის სიტუაცია მარტივი, არც აშშ-სა და ჩინეთში, მაგრამ აქ არის სამომხმარებლო ქცევის ფაქტორიც. ონლაინ ვაჭრობის საკითხები იქ უფრო დალაგებულია, ვიდრე საქართველოში. დღეს, როცა ასეთი კრიზისული სიტუაციაა, მაგრამ ღია ხარ, ონლაინ გაყიდვები 0%-ის დონეზეა, საერთოდ რომ დაკეტილი იყო სეგმენტი, გაყიდული პროდუქციის მეხუთედი ონლაინ რეალიზაციაზე მოდიოდა. ახლა შეზღუდვები არ არის, ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ კოვიდ-19-ს ვებრძოლოთ ისე, რომ ბიზნესი ნაკლებად დაზარალდეს, რაც დიდი გამოწვევაა“, - ამბობს დავით ჩხეიძე.
რაც შეეხება გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების გავლენას, ჩხეიძის ინფორმაციით, განსაკუთრებით პრობლემურია ჩინეთიდან ბრენდული პროდუქციის იმპორტი, რაც ტრანსპორტირების მაღალ ხარჯს უკავშირდება.
„ბიზნესისთვის 2 დიდი პრობლემაა - ლარის კურსი და გლობალური პრობლემის დაძლევა, რაც პანდემიამ გამოიწვია. სადისტრიბუციო კომპანიიდან რითეილის ბიზნესით დამთავრებული, სავალუტო რყევებთან გამკლავება ყველას უჭირს. ამან გამოიწვია ის, რომ პროდუქცია ნაწილ-ნაწილ ჩამოგვაქვს, როდესაც განბაჟდება ტვირთი, გადასახადს გადაიხდი და ფასწარმოქმნა მოხდება, მისი მომატება ან დაკლება შემდეგში ძალიან რთულად ხდება. მაღალი ინფლაცია გვქონდა, მაგრამ კომპანიებს მინიმუმ 6-7 თვე ,,კბილებით ეჭირათ“ ფასები, მხოლოდ ახალი პარტიების ჩამოტანის შემდეგ გახდა შესაძლებელი საფასო პოლიტიკის შეცვლა. პროდუქცია 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით 20%-ის ფარგლებში არის გაძვირებული. განსაკუთრებით ჩინეთიდან იმპორტი, ტრანსპორტირების ხარჯი არნახულად გაზრდილია. თუკი თითო კონტეინერის ტრანსპორტირების ხარჯი 3 000 დოლარი იყო, 12000 დოლარია და კიდევ ძვირდება. ევროპის ბევრ ქვეყანას ჩინეთიდან გადაზიდვები უკვე ძალიან უჭირს, კონტეინერები არ არის, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. სანამ ეს არ დარეგულირდება და არ დამშვიდდება მსოფლიო, ბიზნესს ფეხზე დგომა გაუჭირდება“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ დავით ჩხეიძე.
„მეგასპორტის“ დამფუძნებლის განცხადებით, ჯერჯერობით რთულია სტაბილურობასა და პრობლემის დაძლევაზე საუბარი, რისთვისაც ბიზნესს, სულ მცირე, 3-4 წელიწადი სჭირდება. ეს მაშინ, როცა ევროპული ქვეყნების შემთხვევაში, დაკარგული პოზიციების აღდგენას 1 სეზონიც საკმარისია.
მიუხედავად ასეთი გამოწვევისა, დავით ჩხეიძე ფიქრობს, რომ პრობლემა დაძლევადია, მაგრამ ამისთვის ქვეყანამ იმუნიზაციასთან დაკავშირებული საკითხები წარმატებით უნდა მოაგვაროს, რის ნიშნებიც ჯერჯერობით არ იკვეთება.
მარი ჩიტაია