კომპანია Google-ის თანამშრომელს შვეიცარიაში, ციურიხში კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ CNBC იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შემდეგ კომპანიამ თანამშრომლებს იტალიაში, ირანში და სამხრეთ კორეაში მოგზაურობა აუკრძალა. ყველა ამ სახელმწიფოში კორონავირუსის შემთხვევებია დაფიქსირებული.
„ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, - განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.
კომპანიის ოფისში ციურიხში არ დაიხურება.
მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს დადასტურდა.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
imedinews