თამბაქოს მოწევის აკრძალვის კუთხით ყველაზე სავალალო მდგომარეობა საჯარო დაწესებულებებშია, - აღნიშნული შეფასება თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ბახტურიძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორც სრულდება დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი და რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით.
“ვინც ყველაზე მეტად არღვევს კანონს, სწორედ სახელმწიფო დაწესებულებები გახლავთ: - ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანობი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები. სადაც შევაღწიეთ და შესვლის ნებართვა მოგვეცა, მონიტორინგისთვის შევედით. ზოგიერთი საჯარო დაწესებულების სისტემა ისეა ჩაკეტილი, რომ ჩვენც ვერ ვაღწევთ. კანონის არშესრულების მხრივ, შემდეგ სამედიცინო დაწესებულებები მოდის. აღსრულების დონე 91-92%-იანი, მაგრამ არშესრულების 8-9% საკმაოდ უარყოფით რამეს ნიშნავს, რადგან საქმე გვაქვს ჯანმრთელობასთან და კანონის მოთხოვნას ექიმები, სამედიცინო პერსონალი არღვევს. შემდეგ მოჰყვება საგანმანათლებლო დაწესებულებები, რაც ძირითადად სკოლებს ეხება. შესრულების დონე 96%-ია, თუმცა მაინც იდეალური გვინდა“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე ნორმალური სიტუაცია არის სამასპინძლე ბიზნესში, რაც მოიცავს რესტორნებს, ბარებს, სასტუმროებს, სალონებს, თუმცა ამ მიმართულებით რთულია ვითარება იმ ბარებში, სადაც ჩილიმს მოიხმარენ.
IPN.GE