„თუ ქართულ ავიაკომპანიებს სახელმწიფომ არ გაუწია სერიოზული დახმარება და ყურადღება არ გაამახვილა ქართული ბიზნესის განვითარებაზე, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება და ვერანაირი ახალი გენერალური დირექტორი ვერ უშველის ვერაფერს. სახელმწიფოს პრიორიტეტად უნდა ჰქონდეს ქართული ავიაკომპანიების დახმარება,“ - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ავიაკომპანია Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა განაცხადა.
გაიაშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო საავიაციო სფეროში არსებულ მძიმე კონკურენტულ გარემოს და რთულ მდგომარეობას კარგად იცნობს, თუმცა რეალური ღონისძიებები ამის გამოსასწორებლად არ ხორციელდება.
„ეკონომიკის მინისტრთან მქონდა შეხვედრა და გავაცანი ჩვენი რთული მდგომარეობა. ძალიან ბევრი რუსული კომპანიაა შემოსული, რომლებიც დემპინგურად ყიდიან ბილეთებს. ისინი სამჯერ მეტ ფრენებს ახორციელებენ თბილისში, ვიდრე ჩვენ - რუსეთში. სახელმწიფო ამ კუთხით გვერდით არ გვიდგას. მათი პოზიციაა, რომ ხელისუფლება ტურიზმს ავითარებს და ვერ ხვდებიან, ავიაციაც საჭიროებს ყურადღებას.“
თამაზ გაიაშვილმა ჟურნალისტებთან „ტავ ჯორჯიასთან“ არსებულ დავალიანებაზეც ისაუბრა.
„ჯერჯერობით საკითხი მოლაპარაკებების ფაზაშია. ჯერ კიდევ საკითხავი და დასათვლელია, თუ საიდან არის ეს დავალიანება წარმოშობილი. რეალურად ეს არის ვირტუალური ვალი და საბოლოო ჯამში შესაძლოა არ აღმოჩნდეს. მომსახურეობას ჩვენ თავს თავადვე ვუწევთ. უბრალოდ, „ტავ ჯორჯიასთან“ ასეთი ცნება აქვს, რომ უნდა გადავუხადოთ ფული,“- განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ტავ ურბან ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Georgian Airways-ს “ტავ ჯორჯიას” მიმართ 9 მილიონი ლარის დავალიანება აქვს და, ოპერატორი კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახდის გრაფიკის შეთავაზების მიუხედავად, ავიაკომპანია ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია Georgian Airways არ შეასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას, „ტავ ჯორჯია“იძულებული გახდება შეუზღუდოს ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისების და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა. „ტავ ჯორჯიას“ მიერ, Georgian Airways-ისთვის გაგზავნილი წინასწარი შეტყობინებებისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს, დაიცვას თავისი მგზავრების ინტერესები და შეასრულოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ უკვე 14 წელზე მეტია, ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებით, ინფრასტრუქტურული პროექტებით, მოზიდული ავიაკომპანიების რაოდენობითა და მგზავრებისთვის ახალი მიმართულებების შეთავაზებით, ქართული საავიაციო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მარიამ მორგოშია