Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი, თბილისში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას 2020 წლიდან იწყებს. პროექტს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს.
ბიზნესმენი სასტუმროს მშენებლობაზე პროექტის დამტკიცებას 11 წელია ცდილობს. მისი განცხადებით, პროცესის გაჭიანურება მერიაში არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება. თუმცა, როგორც გაიაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, 2020 წლის იანვარ-თებერვალში პროექტის დამტკიცებაა მოსალოდნელი და მშენებლობაც მაშინვე დაიწყება, შესაბამისად სასტუმროების სექტორში ახალი Four Seasons ბრენდის სასტუმრო გაჩნდება. სასტუმროს მშენებლობა რუსთაველის 12 ნომერში იგეგმება და პროქტის საინვესტიციო ღირებულება 70 მილიონ დოლარს შეადგენს.
როგორც ცნობილია, რუსთაველის 12 ნომერში სასტუმროს ესკიზის წინასწარ შეთანხმებაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ გასცა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე განიხილებოდა, თუ რამდენად შეესაბამება შენობის ვიზუალური მხარე არსებულ განაშენიანებას და ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს. ესკიზის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ იცვლება შენობის ფორმა. კერძოდ, შენობის ხისტი კუთხე წრიული ფორმითაა ჩანაცვლებული, რაც განმცხადებლის თქმით, არბილებს უკრაინკის ქუჩასა და რუსთაველის გამზირს შორის ბმას. შენობის მოცულობა კი ინარჩუნებს ისტორიული განაშენიანების მასშტაბებს. განმარტებით ბარათში წერია, რომ სასტუმროს შენობა შერწყმული იქნება რუსთაველის გამზირზე არსებულ გარემოსთან.
თანამედროვე სტანდარტების მქონე, 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო Four Seasons Hotel Georgia-ს აშენების შესახებ ინფორმაცია 2015 წელს სასტუმროს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
მარიამ მორგოშია