ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მხოლოდ 2016 წელს 3 თვის განმავლობაში 102-ით მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. დაშავდა 106-ით მეტი ადამიანი. მათ შორის 49-ით მეტი ქვეითი. მხოლოდ წლევანდელი წლის პირველ სამ თვეში ავარიების შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა, 2000-მდე ადამიანი კი დაშავდა.
გზებზე არსებულ პრობლემას თავად ხელისუფლებაც აღიარებს. როგორც ცოტა ხნის წინ, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში საშუალოდ 600-მდე ადამიანი იღუპება და ამ მაჩვენებლებით, ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ. მისივე ინფორმაციით, ამ მხრივ საქართველოზე უკეთეს მდგომარეობაში არიან სომხეთი და რუსეთიც.
ერთია ჩინოვნიკების მხრიდან პრობლემის აღიარება, მაგრამ მეორეა, რას აკეთებს სიტუაციის შესაცვლელად როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება. რამდენიმე თვის წინ ითქვა, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა, იგულისხმებოდა მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა, ასევე მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესება. თუმცა, მთავრობამ ვერც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ცვლილებების დანერგვა გადადო.
სანამ თანამდებობის პირები გულხელდაკრეფილები სხედან და ამომრჩეველთა ხმების შენარჩუნების მიზნით მკვეთრი ცვლილებების გატარებას ერიდებიან, ქუჩებში ყოველდღიურად უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, ხელისუფლება და პოლიცია კი, თავის უმთავრეს ვალდებულებას - მოსახლეობის უსაფრთხოებას - ვერ უზუნველყოფს.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ და ამას სტატისტიკაც მოწმობს, ავარიის გამომწვევი ძირითადი მიზეზები არასწორი მანევრი, სიჩქარის გადაჭარბება, ქვეითების არასწორი ქცევა და ნასვამი მძღოლებია.
ექსპერტების გარდა ავტოსაგზაო შემთხვევების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დააყენა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმაც. მან სოციალურ ქსელში საკუთარი ოჯახის წევრების ავარიის შესახებ მოყვა და შინაგან საქმეთა მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდა. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ სანამ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, ის თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევის თანამონაწილეა და ადამიანების სიცოცხლეზე პასუხისგმებლობა სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკისრებათ. თამაზ ელიზბარაშვილი შს მინისტრისადმი მიწერილ ღია წერილში აღნიშნავს, რომ ხშირად მას პირადად დაუფიქსირებია შემთხვევები, როდესაც პატრულს სიჩქარის გადაჭარბებით მოძრავ ავტომობილზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია:
„ბატონო გიორგი, მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 25 მაისს, საღამოს დაახლოებით 23:30 საათზე, ყაზბეგის გამზირზე დიდი სისწრაფით მომავალი „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც 20 წლის ახალგაზრდა მართავდა, დაეჯახა ჩემს კუთვნილ ორ ავტომობილს, რომლებიც ამავე ქუჩაზე, კანონით გათვალისწინებულ, პარკინგის ადგილას იყვნენ გაჩერებულნი. ერთ-ერთ მანქანაში ისხდნენ ჩემი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც სწორედ რომ სასწაულით გადარჩნენ.
მინდა მოგახსენოთ, რომ ხშირად მინახავს, როგორ დაქრიან ახალგაზრდები დიდი სისწრაფით ყაზბეგის გამზირსა თუ სხვა ქუჩებზე და, სამწუხაროდ, ისიც მინახავს, როგორ დაუნახავს ასეთი შემთხვევები საპატრულო ეკიპაჟს, მაგრამ რეაგირების გარეშე დაუტოვებია.
ვინაიდან ასეთი მძღოლები პოტენციური მკვლელები არიან, მსგავსი ფაქტების დანახვისას, არაერთხელ დამირეკავს 112-ში და მითქვამს, ახლა არნახული სისწრაფით ჩამიქროლა ავტომანქანამ, რომლის სახელმწიფო ნომრებია ესა და ეს-მეთქი. ასევე ვეუბნები ხოლმე, რომ ჩემს მანქანაში მიყენია ვიდეოფიქსატორი, რომელსაც ჩემს მიერ მონაყოლის დადასტურება შეუძლია და ამასაც მოგაწოდებთ, ოღონდ ზომები მიიღეთ-მეთქი.
25 მაისს, როცა ჩემს ოჯახს აშკარა საფრთხე დაემუქრა და ქონებრივი ზარალიც მომადგა, ისევ დავრეკე 112-ში და მოვითხოვე პასუხი გაეცათ ჩემს მიერ თვეების განმავლობაში მათთვის მიწოდებული ინფორმაციებიდან რომელზე და როგორი რეაგირება მოახდინეს. მიპასუხეს, რომ არ იცოდნენ მოყვა თუ არა რეაგირება ჩემ მიერ მკვლელ მძღოლებად დანახული ადამიანების ქმედებებს და საპატრულო პოლიციაში გადამამისამართეს. საპატრულო პოლიციაში კი გასაოცარი პასუხი გამცეს – ასე შეიძლება ნებისმიერმა დარეკოს და თუ მტკიცებულება არ გვექნება, დაჯარიმებასაც ვერ შევძლებთო. გამოდის, სწრაფად მოსიარულე, მკვლელ მძღოლებს ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ შსს-სგან, საპატრულო პოლიციისგან, რომ დღისით, მზისით, ღამით ხოცონ ჩვენი შვილები, მეუღლეები, მშობლები და თავიანთი თავებიც გაიუბედურონ?!
ბატონო გიორგი, ვფიქრობ, თავის დროზე ჩემი და ალბათ სხვა ბევრის მიერ 112-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია რომ არ დაგეტოვებინათ რეაგირების გარეშე, ბევრის სიცოცხლეს და ჩემი ოჯახის წევრებსაც იხსნიდით აშკარა საფრთხისგან! შემიძლია ახლაც მოგაწოდოთ ამონაწერები ჩემს ავტომანქანაში დაყენებული ვიდეოთვალიდან, რომელზეც მსგავსი ფაქტებია გადაღებული. ამას ჩემი და სხვისი შვილების დასაცავად გავაკეთებ! ამ შემთხვევაში დამნაშავე არამხოლოდ ის მძღოლია, რომელიც დიდი სისწრაფით გადაადგილდება და ყველა ჩვენგანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, არამედ, საპატრულო პოლიციაც ამ დანაშაულის თანამონაწილე ხდება, როცა რეაგირებას არ ახდენს!
ბატონო გიორგი, შსს-სგან კატეგორიულად მოვითხოვ, რომ მკვლელი მძღოლების შესახებ მოქალაქეებისგან 112-ზე შესულ ინფორმაციებს ოპერატიული რეაგირება მოჰყვეს და პასუხიც ასევე ოპერატიულ რეჟიმში გვეცნობოს! მე კი არ უნდა ვრეკავდე და ვკითხულობდე, ინფორმაცია რომ მოგაწოდეთ, რა რეაგირება მოახდინეთ-მეთქი, თვითონ უნდა გვირეკავდნენ, მადლობას გვეუბნებოდნენ თუ რა რეაგირება და შედეგი მოჰყვა ჩვენს მიერ გადაცემულ ინფორმაციას. მე, თამაზ ელიზბარაშვილი უფლებას გაძლევთ, იმ პიროვნებებს, ვისაც ჩემი ინფორმაციის საფუძველზე დასჯით ამა თუ იმ წესით, უთხრათ, რომ პოლიციას მათი ქმედების შესახებ მე მოვუყევი! ასეთი საქციელი ე.წ. ჩაშვებად კი არ უნდა მოვნათლოთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ კანონის დაცვა და ყველამ ჩვენი მოქალაქეობრივი თუ პროფესიული ვალი შევასრულოთ, რომ როგორმე კანონმორჩილ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ და ჩვენივე გულგრილობით ერთმანეთის მკვლელები არ დაგვერქვას!” – ნათქვამია ელიზბარაშვილის მიმართვაში.
„კომერსანტი“ სრულად ეთანხმება ბიზნესმენის განცხადებებს და ასევე ითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან.
როგორც უნდა უარყოს უწყებამ ავტოავარიების მზარდი სტატისტიკა, რეალობა სხვა მონაცემებს გვაჩვენებს. ყოველდღიურად ჩვენს გარშემო ისმის ისტორიები ახალი ტრაგიკული შემთხვევების შესახებ. მსგავსი გამოცდილება „კომერსანტმა“ უშუალოდაც მიიღო. აღდგომის დღესასწაულზე, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდის მიერ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო, ავარიაში მოყვა „რადიო კომერსანტის“ ვეგბგვერდის „politcommersant.ge“-ს რედაქტორი და მისი ოჯახი. მანქანაში მყოფმა ადამიანებმა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღეს, საბედნიეროდ, შემთხვევას ფატალური შედეგი არ მოჰყოლია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „კომერსანტი“ უერთდება ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს და კითხვით მიმართავს, შინაგან საქმეთა მინისტრს - რატომ იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევები და მათ შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი? რატომ არ ახდენს დარღვევებზე ადეკვატურ რეაგირებას სახელმწიფო და რატომ ვერ იცავს სახელმწიფო მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას?
p.s. "კომერსანტს" აღნიშნულ თემაზე სტატია უკვე მომზადებული ჰქონდა, როდესაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიცია რიგ შემთხვევებში საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თბილისის ცენტრში, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს გზა გადაკეტილი აქვთ, მოძრაობას აფერხებენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისვრიან. ვფიქრობთ, მსგავსი შემთხვევები ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში არ ხდება და ასეთ შემთხვევებში პოლიცია სწრაფ რეაგირებას უნდა ახდენდეს, რაც ამ ვიდეოკადრებში არ ჩანს. https://www.youtube.com/watch?v=rA8Nb7UK3Pk